დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს (+ვიდეო)

დედაქალაქში ახალი ავტობუსების ფერს მერია მოსახლეობასთან ერთად შეარჩევს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლონეთში Man-ის ქარხანაში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, მართალია, მერიამ არჩევანი მწვანე-თეთრ კომბინაციაზე შეაჩერა, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და ფერს აუცილებლად მოქალაქეებთან ერთად შეარჩევს. „გამორიცხული არ არის, რომ თბილისისთვის ბრენდირებული ავტობუსები შევუკვეთოთ და ამაში ქართველი დიზაინერები ჩავრთოთ“, - განაცხადა კალაძემ. 

როგორც ცნობილია, მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლებას გეგმავს. თავდაპირველად დედაქალაქში 90 ერთეული ავტობუსი შემოვა. კალაძის განცხადებით, 500-550 ავტობუსის შემოყვანა კი მოგვიანებით მოხდება. ავტობუსები იქნება სხვადასხვა ზომის - 8-10 და 12-მეტრიანი. 

„ხვალ მივდივართ მიუნხენში, სადაც უკვე ადგილზე ვნახავთ, თუ როგორი კონფიგურაციის შეიძლება იყოს ავტობუსები. გავაკეთებთ რამდენიმე ვარიანტს, მოგაწვდით ინფორმაციას, განვათავსებთ სოციალურ ქსელში და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება“, - მიმართა კალაძემ თბილისელებს პოლონეთის „მანის“ ტიპის ავტობუსების მწარმოებელი ქარხნიდან ჩართვისას.