წლევანდელ ზამთარში მთიანი რეგიონი კიდევ უფრო დაცარიელდება. გაზრდილი ფასებისა და დაბალმოსავლიანობის პირობებში ადამიანებს საგრძნობლად გაუჭირდებათ.როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დღეს ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ბარშიც კი ჭირს თავის რჩენა, ხოლო მთიანი სოფლებისათვის ეს გაცილებით დიდი პრობლემაა.
მოსალოდნელია, რომ მთის რეგიონში კიდევ უფრო შეთხელდება ხალხი და ამას ვერანაირად ვერ უშველის "მთის კანონი", რომლის მოქმედების მიუხედავად, მდგომარეობა ვერ უმჯობესდება. სოციალური პირობების დამძიმების გამო შესაძლოა, წელს მეტადაც ცდილობდნენ სოფლებისაგან "თავის დაღწევას".
საქართველოში დაახლოებით 4700 სოფელია. 2017 წლის მდგომარეობით, დაცარიელებული სოფლების რაოდენობა 162-დან 223-მდე გაიზარდა. 2017 წელს ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო მოიმატა. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 250 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ამდენივე სოფელი კი მთლიანად მიტოვებულია.
ცხადია, რომ ტენდენცია გაგრძელდება და გაჭირვების გამო, სოფლის დაცლა გაცილებით მეტ ადამიანს მოუწევს.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ წელს, მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო, მთიან სოფლებში ბევრ ადამიანს მოუწევს საცხოვრისის მიტოვება. ამის შესაჩერებლად სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს, რაც რეალურად შეუწყობს ხელს ადამიანების დამაგრებას სოფლად და მიგრაციის დონეს შეამცირებს.
"ყველაფერზე ფასები მუდმივად მატულობს, ხოლო ხარჯის გასაწევად ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის. ელემენტარულად, არ არის მოსავალი, რაც ყოველდღიურ ყოფას შეამსუბუქებს. ცხადია, დაბალმოსავლიანობაა იმის გამო, რომ ადამიანებს არ აქვთ საბრუნავი საშუალებები, დაამუშაონ მიწები და რეალურად მიიღონ შემოსავალი.
სამეურნეო სამუშაოები საკმაოდ დიდ ხარჯს უკავშირდება და მოგება არ არის ისეთი, რომ ხალხმა სარგებელი ნახოს. პრობლემა დღეს არ დაწყებულა, წლიდან წლამდე მწვავდება და მეტ ადამიანს ეძლევა საბაბი, რომ სადღაც გადასახლდეს. სოფლიდან აყრილი მოსახლეობის უმეტესობა უცხოეთში მიდის და იქ ეძებს სამუშაოს, ნაწილი დედაქალაქში ცდილობს დამკვიდრებას.
ქვეყნიდან გასვლას ისიც უწყობს ხელს, რომ უფრო მეტად გაიხსნა გზა ევროპული ქვეყნებისაკენ, თურქეთისა და რუსეთისაკენ კი ისედაც გახსნილი იყო, ამიტომ ეს ცუდი ტენდენცია თავისთავად გაგრძელდება. ამას ვერაფერს დავუპირისპირებთ, თუკი სპეციალური სახელმწიფო პოლიტიკა არ შემუშავდება.
შეიძლება, ცოტა ადამიანი ცხოვრობდეს სოფელში, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ინფრასტრუქტურა, რომ ვინც არის იქ დარჩენილი, ისინი მაინც დავიცვათ. ამ მიმართულებით გარკვეული მშენებლობები მიმდინარეობს, რასაც მთავრობას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ არის სოფლები, სადაც არაფერი გაკეთებულა და ხალხს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება.
უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. აუცილებლად ფერმერული მეურნეობის განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი, რომ კაპიტალის დაბანდება მარტივად მოხდეს. მცირე ტერიტორიებზე, სადაც კი დაყოფილია მიწები, ინვესტირება და რამე სერიოზული საქმიანობის წარმართვა ვერ ხერხდება", - ამბობს "რეზონანსთან" სილაგაძე და აღნიშნავს, რომ ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული უნდა იყოს რეალურ სექტორში, რაც სოფლად ცხოვრების მოტივაციას შექმნის.
"აგრარული სექტორის ინვესტირება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მიმართულებით შესამჩნევი ნაბიჯი არ გადადგმულა. თითქმის არაფერი განხორციელებულა ისეთი, რაც მიგრანტთა დინამიკას შეაჩერებდა. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უნდა განვავითაროთ, ამ სფეროში გვაქვს სამუშაო ძალაც, მარამ ეს არ არის გამოყენებული.
დღევანდელი ხელისუფლება როცა მოვიდა, საწყის ეტაპზე სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციები ხორციელდებოდა უფრო მეტი, ვიდრე წლების განმავლობაში, წინა პერიოდში, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.
პროდუქცია, რაც შეგვიძლია ადგილზე შევქმნათ, ეკოლოგიური პირობებით გაცილებით უკეთესია, ვიდრე შემოტანილი. მარტო ფასზე არ არის საუბარი, ჩვენ მოსახლეობას დოვლათის შექმნის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რაც გააჩენს შემოსავალს. ამ საკითხს სერიოზული მიხედვა უნდა. საკმაოდ რთული ვითარებაა და ამ პირობებში მიგრაციული პროცესის შენელება ძალიან გაგვიჭირდება", - დასძენს ავთანდილ სილაგაძე.
დემოგრაფები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 5 წელიწადში საქართველოში, სულ მცირე, კიდევ 10 სოფელი დაცარიელდება. დემოგრაფ ავთო სულაბერიძის შეფასებით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაღალმთიანეთში, სადაც ხალხს ლუკმაპურის შოვნა უჭირს.
"საქართველოში 230 სოფელია გაუკაცრიელებული, ეს ძირითადად მთის რაიონებია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაში მცხოვრებთა უმეტესობა მოხუცია. მათ ქალაქში თუ ჩამოიყვანენ შვილები გამოსაზამთრებლად, თორემ, ძირითადად, მაინც ადგილზე რჩებიან.
სახელმწიფომ რაც მთიანი რეგიონების დასახმარებლად გააკეთა, არასაკმარისია. გარდა ამისა, მოუსავლიანი წელია, სავალუტო კრიზისმა ხალხს გაცილებით მეტი პრობლემა შეუქმნა. მთაში ძირითადად შინამეურნეობათა ხარჯზე ცხოვრობენ.
ფაქტია, რომ, გაჭირვების გამო, ხალხი ბარში ჩამოვიდა, ზოგიც ქალაქში დასახლდა. მთიან ნაწილში მცხოვრებთა დიდი ნაწილი ფულადი გზავნილებით ცხოვრობს, სხვა შემოსავალი ხალხს არ აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მთლად დაიცლება რეგიონი, მაგრამ ბევრ ადამიანს მოუნდება იქიდან წასვლა. ტენდენცია ისედაც არის.
ბავშვი არ იბადება სოფლებში, გაუგონარი სიტუაციაა. ფულადი დახმარება რომ დაწესდა ახალდაბადებულ ბავშვებზე, ვერსად მივაგენი ოჯახს, სადაც მესამე ბავშვი გაჩნდა. მაღალმთიანეთში ამ მხრივ გაცილებით მძიმე ვითარებაა, თუმცა ქართველ ხალხს დალხენილი ცხოვრება არსად არ აქვს.
გაუკაცრიელებულ სოფელთა რაოდენობას მომდევნო 5 წელიწადში 10 სოფელი მიემატება, არვითარი ინფრასტრუქტურა იქ არ არის, რომ ხალხს სოფლად დარჩენის სურვილი ჰქონდეს", - ამბობს "რეზონანსთან" სულაბერიძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"