„ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება“

ტენდერებში ქართული კომპანიებისთვის შეღავათების დაწესების საკითხი ამ ეტაპზე აღარ განიხილება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინიციატივა მთავრობისგან მოდიოდა, თუმცა შეჩერდა და შეჩერების კონკრეტული მიზეზები ცნობილი არ არის.

„ჩვენ გვესმის, რომ კონკურენციის შეზღუდვა იქნებოდა ქართულ კომპანიებზე პრეფერენციების დაწესება. შეღავათები, როგორებიცაა ქართული პროდუქციის გამოყენებისას გარკვეული ბენეფიტების გაცემა ან სუბსიდირების გზით დახმარების გაწევა, მსოფლიო პრაქტიკაა, რომელსაც მრავალი ქვეყანა იყენებს და ნამდვილად დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებსაც. მაგრამ აღნიშნული შეღავათების დაწესების საკითხი შეჩერდა. მიზეზი ჩვენთვის უცნობია.

თუ ქართულ კომპანიებს არ დავუშვებთ როგორც ძირითად მოთამაშეს ტენდერებში, იგივე საკითხი რაც დღეს დგას, გამოცდილების სიმცირე და სხვა პრობლემები შეიძლება იდგეს ხუთი წლის შემდეგაც. რა თქმა უნდა, ქართული კომპანიები ინფრასტრუქტურული სამუშაოების უდიდეს ნაწილს ასრულებენ, მაგრამ როგორც ქვეკონტრაქტორების და მეორეხარისხოვანი შემსრულებლის როლში“, - განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.

როგორ ცნობილია, სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესების შესახებ საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მეტიც, მომზადდა პროექტი, რომლის თანახმად საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 10%-იანი შეღავათის დაწესებაზე. პროექტის მიხედვით შეღავათი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუკი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხი და ფასი უცხოური კომპანიის ანალოგიურია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ტემპებს, ანა საბახტარაშვილი აცხადებს, რომ ვადებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ ძირითად გამოწვევად რჩება.

„პირველ რიგში პრობლემა გვაქვს საპროექტო სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაში. პროექტში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში მშენებლობის იძულებითი შეჩერება ხდება, რაც კომპანიისთვისაც ფინანსური ზარალის მომტანია და პროექტის განხორციელების ვადებზეც უარყოფითად აისახება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება მიექცეს ვადებს. ხშირ შემთხვევაში, პროექტი არის შესრულებული გარკვეული ვადის განმავლობაში და ძალიან დიდი პერიოდია გასული პროექტის შესრულებიდან მისი განხორციელების დაწყებამდე. ეს კი პირველ რიგში ფინანსურად შეუძლებელს ხდის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რეალისტურად შეასრულოს სამუშაოები,“- განაცხადა ანა საბახტარაშვილმა.

ქრისტინე გამთენაძე