„ტესლამ“ ქალაქ შანხაის ხელისუფლებასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის შესაბამისადაც, ქალაქის შემოგარენში, 860 000 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა გამოეყოფა, რომელზეც თავის მეორე გიგაქარხანას ააშენებს.
ამგვარად, ამერიკულ კომპანიას და მის მთავარ აღმასრულებელ ილონ მასკს, ელექტრომობილების უშუალოდ ჩინეთში გამოშვების საშუალება ექნებათ. ეს ქვეყანა მწვანე ავტომობილების უდიდესი ბაზარია მსოფლიოში. ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების თითქმის ნახევარი, სწორედ ჩინეთზე მოდის.
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფარგლებში, ჩინეთის მთავრობამ, ამერიკულის პასუხად, მის პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ამის გამო, „ტესლას“ ჩინეთში შეტანილი ავტომობილების გაძვირებამ მოუწია. ახალი ქარხნის მეშვეობით კი ამ ტარიფებს თავიდან აიცილებს.
„შანხაის ქარხანა, რომელიც შეერთებული შტატების გარეთ, ჩვენი პირველი გიგაქარხანა იქნება, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა „ტესლას“ ვიცე-პრეზიდენტმა რობინ რენმა, ვინც მსოფლიო გაყიდვებს უძღვება.
„ტესლას“ მიწის ღირებულება არ დაუსახელებია, თუმცა შანხაის დაგეგმარების და მიწათსარგებლობის ბიუროს ცნობით, აღნიშნული ფართობის მიწის ფასი 973 მილიონი იუანი (140.51 მილიონი დოლარი) ღირს. ამ ქარხნის სრული სიმძლავრით ამუშავების შემდეგ, იქ წლიურად 500 000 ავტომობილს გამოუშვებენ.
მართალია, ჩინეთის ეგრეთ წოდებული ახალი-ენერგიის ავტომობილების (მასში ელექტრომობილები და პლაგ-ინ ჰიბრიდები შედის) ბაზარი ამჟამად გაჯერებულია, მაგრამ ელექტრომობილები მალე მსოფლიო ბაზრის დომინანტი კლასი გახდება და „ტესლას“ მასში მნიშვნელოვანი წილის მოპოვება შეუძლია. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩინურ ბაზარზე დამკვიდრდება.
„ტესლამ“ შანხაის ხელისუფლებასთან, ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით შეთანხმებას, ჯერ კიდევ ივლისში მიაღწია, აგვისტოში კი პერსონალის დაქირავებას შეუდგა. ამერიკული კომპანია ქარხნის ასაშენებლად საჭირო ინვესტიციას, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს შეადგენს, აზიის ბაზარზე მოიპოვებს.