"არასდროს დაგვიმალავს, რომ რეგულაციებს ექნება გავლენა, მაგრამ ეს არის აუცილებელი"

ბანკების შეფასება არის განსაზღვრული და დაფუძნებული გადაჭარბებულად ყველაზე პესიმისტურ დაშვებებზე,- ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო ასოციაციის შეფასებებს 1-ელ ნოემბერს ასამოქმედებელ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც ფიზიკური პირებისთვის სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემას ეხება.

მისი თქმით, ის შეფასება, რომელიც დღეს ტრიალებს და რომელზეც მითითებას აკეთებს საბანკო ასოციაცია, დაფუძნებულია რეგულაციების პროექტის პირველ ვარიანტზე, რომელშიც ცვლილებები შევიდა.

„რაც შეეხება რეგულაციების პროექტს, რომელიც განხილვის პროცესშია, დიალოგი ამ დებულებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. გამოქვეყნებული იყო პროექტი და ამის შემდეგ ვართ აქტიური განხილვის სტადიაზე. მიზანი ამ რეგულაციის არის ის, რომ არ მოხდეს გადამეტებული ვალდებულებების აღება, ანუ ფიზიკურ პირებს არ ჰქონდეთ სირთულეები იმ ვალდებულებების გადახდაში, რომელსაც იღებენ. ფიზიკური პირების სესხების არ დაბრუნება ამავე დროს ნიშნავს ასევე ფიზიკური პირების დეპოზიტების არ დაბრუნებას ბანკების მიერ. ასე რომ, აქ უკვე ზოგადად ფინანსურ სტაბილურობაზე ვსაუბრობ. ეს არის ის მოთხოვნები, რომელსაც ევროდირექტივები გვიყენებენ და რომელსაც 2019 წლიდან უნდა შევუერთდეთ. ეს ეხება იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს. რაც შეეხება უშუალოდ ანალიზს, ის შეფასება, რომელიც გავრცელდა, არის გადაჭარბებულად პესიმისტური, არ ითვალისწინებს ბევრ იმ გარემოებას ან ცვლილებას, რომელიც დებულების პროექტში შევიდა. გამოდის ისე, რომ ვლაპარაკობთ და ვაანალიზებთ დებულებას, რომელიც ჯერ მიღებული არ არის და რომლის საბოლოო ვარიანტი ჯერ არის მიღებული. ნებისმიერი ასეთი ანალიზი არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვებს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციებთან",- განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ეს რეგულაციები მოკლევადიან პერსპექტივაში გავლენას იქონიებს, თუმცა გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად დადებითად იმოქმედებს.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რისკებზე თვალების დახუჭვა არის ძალიან ცუდი და მომავალში აუცილებლად პრობლემებს მოგვიტანს. ეროვნული ბანკი არის ორგანიზაცია, რომელიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდზეა ორიენტირებული. ბევრ შემთხვევაში, მაშინ როდესაც გვინდა შევამციროთ რისკები, შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებმა, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მათ ცალსახად დადებითი გავლენა ექნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში, შეუძლებელია ფიზიკური პირების მიერ უცხოურ ვალუტაში სესხების აღება. საკმაოდ აგრესიულად ხდება მიმდინარე ეტაპზე იპოთეკური სესხების უცხოურ ვალუტაში დაფინანსება, რაც რისკების მომტანია. უნგრეთში ფინანსური კრიზისი სწორედ იაფიანი შვეიცარიულ ფრანკებში გაცემული სესხებით დაიწყო. ასეთივე მაგალითია პოლონეთი, რომელმაც დროულად მიიღო ზომები ამისთვის. ამიტომ, ვთხოვთ ყველას - ექსპერტებს, ასოციაციებს, ჟურნალისტებს, ნუ შეხედავთ ამ საკითხს მხოლოდ მოკლევადიანი გავლენის ჭრილში. არასდროს დაგვიმალავს, რომ ამ რეგულაციებს ექნება გავლენა, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში საკრედიტო პორტფელი იყოს მდგრადი და მან რისკები არ შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას" , - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.