2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ აშშ დოლარს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი) შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 4 228.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 716.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 13.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 1 950.4 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (21.5 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 29.2 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 483.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 19.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 33.5 პროცენტით განისაზღვრა.
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 161.6 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 47.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.5 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 1 942.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (20.3 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტს შეადგენს. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 104.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.2 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.5 პროცენტი იყო,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (343.0 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ აშშ დოლარი).
„2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 059.3 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (675.6 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.9 მლნ აშშ დოლარი).
2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 253.9 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (990.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (810.7 მლნ აშშ დოლარი).
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 375.3 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 271.9 მლნ აშშ დოლარი (11.1 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 644.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 438.0 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 296.0 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი),“- ვკითხულობთ „საქსტატის“ ინფორმაციაში.