ავტომობილებს, რომლებზეც ტექდათვალიერების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ

ავტომობილებს, რომლებზეც ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დოკუმენტები გაიცა, შესაბამისი შემოწმების გავლა თავიდან მოუწევთ.ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ ტექნიკური ინსპექტირების ხელახლა გავლის ვალდებულება აღნიშნულ ავტომობილებს ექსპერტიზების დასრულების შემდეგ ექნებათ, რომელიც საგამოძიებო სამსახურს აქვს დანიშნული.

„ჯერჯერობით მიმდინარეობს ექსპერტიზები. ამ ექსპერტიზების დასრულების შემდგომ სავარაუდოდ, თავიდან მოხდება იმ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რომლებზეც ყალბი დოკუმენტები გაიცა“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

რამდენი ყალბი დოკუმენტია გაცემული და დაეკისრება თუ არა საჯარიმო სანქციები მძღოლებს ყალბი დოკუმენტის აღებისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა.

უწყების ცნობით, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე, კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.

მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.