ექსპორტის განვითარების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გვანცა მელაძის განცხადებით, „ექსპორტის მაჩვენებლების გაუმჯობესება ქვეყანაში ვაჭრობისათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებით და შეღავათიანი და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების ამოქმედების შედეგად შემცირებული საბაჟო ტარიფებით არის განპირობებული.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, რომელიც აქამდე ევროკავშირში იბეგრებოდა და თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შედეგად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდა. ასეთია მაგალითად ღვინის პროდუქტები,” - აღნიშნა მელაძემ.
გვანცა მელაძის განცხადებით, ასევე ყურადსაღებია უკანასკნელ წლებში საკმაოდ შემცირებული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ზრდა, რაც გამოწვეული ტრადიციული საექსპორტო ბაზრების და ასევე სამიზნე სეგმენტის დივერსიფიცირებით.
„გარკვეული პროდუქციის წარმოების მოცულობების ზრდა აღინიშნა საშუალო ზომის საწარმოთა შორისაც, რაც ჯერჯერობით მსხვილ სტატისტიკურ მონაცემებში იჩრდილება, მაგრამ არ შეიძლება ამ ტენდენციის იგნორირება, რადგან მნიშვნელოვანია ექსპორტში მეტად მონაწილეობდეს მცირე და საშუალო ბიზნესი. ამ სეგმენტის განვითარება მეტწილად უკავშირდება სახელმწიფოს მიერ უკანასკნელ წლებში წარმოების და ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით ჩადებულ ინვესტიციებს, რომელსაც სწორედ ახლა აქვს უკუგება,“ - განაცხადა ექსპორტის განვითარების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტის 17.1 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 301.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა და 2 448.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.