სექტემბერში კომერციული ბანკების მოგება 18,245 მლნ ლარით გაიზარდა

2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,245 მილიონი ლარით გაიზარდა.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 88,957 მილიონი ლარი შეადგინა. 2017 წლის სექტემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 70,712 მილიონი ლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში, ბანკების შემოსავლებმა 369,055 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა 267,127 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2018 წლის სექტემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,817 მილიონი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 19,502 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,351 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში ბანკებმა 11,809 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 869,798 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679,101 მილიონი იყო.