"2020 წლისთვის საქართველოში დიზელის ისეთივე სტანდარტი იქნება, როგორიც ევროპაშია"

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2020 წლისთვის საქართველოში დიზელის ისეთივე სტანდარტი იქნება, როგორიც ევროპაშია.ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დიზელის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით დოკუმენტი, რომელიც ევრო 4 სტანდარტის საწვავს ეხება, უკვე მომზადებულია და მთავრობის პირველივე სხდომაზე გავა.

„დიზელის საწვავთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა განსაზღვრული გვაქვს, იცით თქვენ, რომ ევრო 4-ის სტანდარტი დიზელთან დაკავშირებით უკვე ამ წელს შემოდის, კონკრეტულად ვსაუბრობდით ოქტომბრის თვეზე და პირველივე მთავრობის სხდომაზე ეს დოკუმენტი გავა, იმიტომ რომ მათ შორის სხვადასხვა უწყებასთან მომზადებული და შეჯერებულია და იურიდიულ პროცედურებს გადის, ამიტომ აქ არანაირი ცვლილება არ არის. რაც შეეხება ევრო 5-ს, ჩვენ ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ ნელ-ნელა ჩვენ ევროპულ სტანდარტზე უნდა გადავიდეთ, ეს არის ბოლო სტანდარტი, რომელიც ევროპაში დიზელთან დაკავშირებით არსებობს და 2020 წლისთვის ჩვენ გვექნება ისეთივე სტანდარტი, როგორიც არის ევროპაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველოში ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინი უკვე არის და ჰაერის სისუფთავის დაცვასთან დაკავშირებით კომპლექსური ღონისძიებები იგეგმება.

„რაც შეეხება ბენზინის სტანდარტს, ამასთან დაკავშირებით იცით, რომ უკვე გვაქვს ევრო 5, ანუ ის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც ზოგადად, ევროპასაც გააჩნია. რაც შეეხება ეკოლოგიურ მიმართულებებს, მათ შორის ჰაერის სისუფთავის დაცვას, ამასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური ღონისძიებები გვაქვს, რომელზეც საზოგადოებას ინფორმაციას რეგულარულად ვაძლევთ, მათ შორის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა, მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარი კიდევ უფრო გამკაცრდება და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, დიზელში გოგირდის შემცველობის ნორმა არაუმეტეს 50 მილიგრამისა იქნება, თუმცა ამ ნორმების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება.