„პორშემ“ თავის პირველ სერიულ ელექტრომობილ „ტაიკანის“ წარმოებასთან დაკავშირებული გეგმა გამოაქვეყნა. ავტომობილს ახალი ხაზი გამოუშვებს, რომელიც ზუფენჰაუზენის ქარხანას დაემატა. მის აწყობაზე 1 200 ახალი თანამშრომელი იმუშავებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ „ტაიკანის“ საწარმო არის „ქარხანა ქარხანაში“. ახალ ხაზზე გამოყენებულია სისტემა, რომელიც ამწყობი ხაზის თანამედროვე სტრუქტურისგან სრულიად განსხვავდება. კერძოდ, „პორშე“ პირველი ავტომწარმოებელია, რომელიც საწარმოო ხაზში უპილოტო სატრანსპორტო სისტემებს გამოიყენებს.
ახალ სისტემას „ფლექსი-ლაინ“ შეარქვეს და ის უნივერსალობით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ერთსა და იმავე ფართობზე, უფრო მეტი ამწყობი ციკლის შესრულების საშუალებას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი კონვეიერი. რაც მთავარია, „ტაიკანის“ წარმოება იქნება კარბონ ნეიტრალური - მისთვის კომპანია ენერგიის განახლებად წყაროებს გამოიყენებს. საერთოდ, „პორშე“ გეგმავს, რომ მთელი თავისი წარმოება განახლებად ენერგიაზე გადაიყვანოს.
რაც შეეხება სამუშაო ძალას, „ტაიკანს“ კომპანიის 1 200 ახალი თანამშრომელი გამოუშვებს. „პორშე“ ამბობს, რომ ეს მის ისტორიაში ახალი პერსონალის მიღების ყველაზე მოცულობით პროგრამაა. თუმცა ამ ახალი თანამშრომლებიდან, ყველა მხოლოდ „ტაიკანის“ წარმოებისთვის არ არის აყვანილი. მათი ნაწილი ასევე ორკარიანი სპორტული მოდელების წარმოებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
საერთოდ, „პორშეს“ სურს, რომ სპორტული ავტომობილების წარმოებაზე მომუშავე გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი შეკრას, რომელიც ძირითადი ბირთვის როლს შეასრულებს. მათთან ერთად კი ახალი თანამშრომლებიც იმუშავებენ, რომლებიც მუშაობის დაწყებამდე, ფართომასშტაბიან ტრენინგს გაივლიან.
„პორშემ“ ელექტრიფიკაციის პროგრამისთვის 6 მილიარდი ევროს ინვესტიცია გაიღო და იმედოვნებს, რომ 2025 წლის შემდეგ მისი მოდელების ნახევარი ელექტრიფიცირებული იქნება. ამასთან უცვლელად, 15 პროცენტის დონეზე დარჩება მოგების მარჟა. ამის მიღწევას კომპანია ციფრული პროდუქტებისა და სერვისების წყალობით იმედოვნებს.
„პორშე“ აცხადებს, რომ მოტორსპორტი კვლავაც დიდ როლს შეასრულებს მისი სერიული მოდელების განვითარებაში. მაგალითად, „ტაიკანზე“ იმავე 800-ვოლტიან ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც „პორშემ“ თავის სარბძოლო პროტოტიპ „919 ჰაიბრიდისთვის“ შექმნა. მისი მეშვეობით, ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი, 100 კილომეტრის გასავლელად საკმარის ენერგიას სულ რაღაც, 4 წუთში ღებულობს.
„პორშე“ ელექტრომობილ „ტაიკანის“ სერიულ ვერსიას 2019 წლის სექტემბერში გვიჩვენებს.