6 ახალი საბაგირო, გაფართოვებული სასრიალო არეალი და ამჯერად უკვე საკმარისი ხელოვნური გათოვლიანება - ეს ის სიახლეებია, რომლითაც წელს გუდაური დამსვენებლებს დახვდება.
რაც შეეხება ბაკურიანს, როგორც „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, დაბაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, შესაბამისად, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
ზამთრის საკურორტო სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება. როგორც „მთის კურორტების განვითარების სააგენტოში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, წელს სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს, შესაბამისად, სტუმრებსაც „განსაკუთრებულ“ სიახლეებს დაახვედრებს.
მათი თქმით, ახალი საბაგიროს მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები ერთდროულად გაცილებით მეტი დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
„კურორტზე 6 ახალი საბაგირო შენდება და ერთი საბაგიროს რეკონსტრუირება ხდება. ახალი საბაგიროები მსოფლიოში საუკეთესო ფირმების „დოპელმაიერისა” და „პომას” იქნება. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად სასრიალო არეალიც 20% იზრდება“,- აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.
მათივე ინფორმაციით, კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა, რომელიც 2018-2019 წლის სეზონისთვის დასრულებული იქნება და მას იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი" დაამონტაჟებს.
ცნობისთვის, ხელოვნური გათოვლიანების პირველი ფაზას, გუდაურში 2015 წელს განხორციელდა. კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა წელს ხელოვნური გათოვლება, „მთის კურორტების განვითრების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ „ზოგადად, რაც მეტი გაქვს გათოვლიანების სისტემა, მით უკეთესია, ამ ეტაპზე რაც საჭიროა იმ რაოდენობის ტრასები გათოვლიანდება“.
„წელს გუდაურის სტუმრებს სრულიად ახალი კურორტი დახვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა და 100 000 კუბიანი ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასკვნით ფაზაშია. კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, ყაზბეგი გუდაურს უერთდება და სრულიად ახალი კლასტერი განვითარდება“,-აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, პარალელურად ხდება ადგილობრივი კადრების გადამზადება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” მუდმივად ხდება მომსახურე პერსონალისა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება ევროპული სტანდარტების შესაბამისად. 2018 წლის მაისში საბაგიროების 87 თანამშრომელი გადამზადდა ავსტრიულ კომპანია „დოპელმაიერთან” ერთად. სწავლება მოიცავდა საბაგიროების მექანიკურ, ჰიდრავლიკურ და ელექტრო მოწყობილობებისა და სისტემების შესწავლას. მაისში კომპანია „ლეიტნერის” მიერ ბაკურიანისა და თეთნულდის 21 თანამშრომელი გადამზადდა. 2018 წელსვე ივლისში განხორციელდა საბაგიროების მწარმოებელ კომპანია „პომასთან” ერთად კურორტ გუდაურისა და თეთნულდის 36 თანამშრომლის (საბაგირო გზის უფროსები, მემანქანე ოპერატორები, მექანიკოსები და ელექტრიკოსები) გადამზადება. სწავლება მოიცავდა საბაგიროების მექანიკურ, ჰიდრავლიკურ და ელექტრო მოწყობილობებსა და სისტემებში მომზადებას. 2018-2019 წლის ზამთრის სეზონისთვის “დოპელმაიერის” ქარხანაში, ქალაქ ვოლფურტში დაგეგმილია გუდაურის 20 თანამშრომლის გადამზადება, აღნიშული თანამშრომლები შემდგომ კობი-გუდაურის საბაგიროზე იმუშავებენ. სეზონის განმავლობაში უცხოელ ექსპერტებთან ერთად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაივლიან გადამზადებას ზვავის მართვასთან დაკავშირებით“-აღნიშნავენ სააგენტოში.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის შენიშვნებს, რომელიც სამთო კურორტებზე მიმდინარე პროექტების ტემპებს უკავშირდებოდა, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ მათი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ - სათხილამურო ტრასები და საბაგიროები ზამთრის სეზონისთვის მზად იქნება.