ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა ტექინსპექტირება არამართლზომიერად გაიარეს, ხელახალი ინსპექტირებისთვის სხვა ცენტრებს უნდა მიმართონ

ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილეს მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინეს უწყების მიმართვაზე და დარღვევები გამოავლინეს.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, გაცილებით მკაცრი სანქციის გამოყენებას, რაც ზოგიერთი ცენტრისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს“, - განაცხადა საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სანქციების გამოყენება არ არის თვითმიზანი, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანონის მოთხოვნები ყველამ უნდა დაიცვას.

„გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება გზაზე ქმნის ავარიის პოტენციურ რისკს, რომლის ადამიანური მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს. თავის დროზე, ჩვენ ყველას შევუწყვეთ ხელი, რათა მათი ბიზნესი, ეს ცენტრები მოეყვანათ შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის ნორმები. ასეთ ცენტრებთან, ცხადია, ჩვენ ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა.

„ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებულია, რათა ცენტრების მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმი დავნერგოთ. დღეის მდგომარეობით, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება ხდება მიმართვიანობის საფუძველზე. ცვლილების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს 24-საათიან რეჟიმში შეეძლება ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შემოწმება. იმ ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის. სხვა პირები მსგავსი პროცედურის გავლისგან თავისუფლები იქნებიან“, - განაცხადა საღირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ.