იმპორტ-ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები ნათელი შედეგია იმ აქტივობების, რომლებიც ქვეყანაში საგარეო ვაჭრობის ხელშესაწყობად ხორციელდება,- ასე აფასებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით.
როგორც ნინო ჩიქოვანი აღნიშნავს, პალატის საქმიანობის ძირითადი ნაწილი სწორედ საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობას ემსახურება და სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე საგარეო სავაჭრო ბრუნვის სტატისტიკა იმატებს.
„აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13.2%-ით გაიზარდა და 533 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთი აქტიური და მოთხოვნადი სერვისი “DCFTA საინფორმაციო ცენტრია“, რომელიც ევროკავშირის ბაზრის რეგულაციების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებას ემსახურება. გარდა ევროკავშირის ბაზრისა, ჩვენი ბენეფიციარები ინფორმაციას იღებენ იმ სტანდარტების შესახებ, რომლებიც ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარზეც უნდა დააკმაყოფილონ. ჩვენი ცენტრისადმი მეწარმეთა მომართვიანობით თუ ვიმსჯელებთ, ნათლად ჩანს, რომ ადგილობრივ მეწარმეთა ინტერესი ევროკავშირის ბაზრის მიმართ დღითიდღე იზრდება. გარდა ევროკავშირისა, პალატა მუშაობს მეწარმეთათვის სხვა საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც. ამისთვის ჩვენ გავააქტიურეთ სერვისი „მოიძიე პარტნიორი“ და ორგანიზებას ვუწევთ საერთაშორისო ფორუმებს, რომლებიც საქართველოს მეწარმე-სუბიექტებისთვის საერთაშორისო ბიზნეს-პარტნიორების მოძიების ეფექტიანი პლატფორმაა. 2019 წლის განმავლობაში პალატა გეგმავს საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ფორუმების გამართვას, რაც რეგიონულ ბიზნესს დამატებით პერსპექტივას გაუჩენს საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. იმედი გვაქვს ჩვენი ძალისხმევა და აქტივობები მომდევნო წლის ანალოგიურ სტატისტიკაში კიდევ უფრო დადებითად აისახება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, 2018 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტის 17.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 301.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში იმპორტი 3.3%-ით გაიზარდა და 711.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 7.1%-ით გაიზარდა და 1013.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში სავაჭრო ბალანსი 21.1 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 409.7 მლნ აშშ დოლარი, საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა და წინა წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვანდ - 5.1%-ული პუნქტით გაუმჯობესდა.