„მაისიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა“

„ჩემთვის ცნობილია, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკთან აქტიური კონსულტაციები გრძელდება.

კონსულტაციების შედეგი უნდა იყოს ის, რომ პარამეტრები, რომელიც ჩადებულია დებულებაში, დაუახლოვდეს ოპტიმალურ პირობებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ის პარამეტრები, რომელიც არსებულ დებულებაშია, საკმაოდ მკაცრია და ის არ იქნება მხოლოდ საფინანსო სექტორის პრობლემა.

ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, მაისიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა ტექნიკის მაღაზიებს გაყიდვები 35%-ით შეუმცირა.

„საფინანსო რესურსით სარგებლობენ სხვა ბიზნესსექტორის მომხმარებლებიც. მათ შორის, უძრავი ქონებისა თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროდან. მაისიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც ბანკებს გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზი დაევალათ, ამ სექტორის რეალიზაციის მაჩვენებლებზე უკვე მოახდინა გავლენა. რეგულაციებმა განსაკუთრებით იმოქმედა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზატორებზე და ჩვენი ინფორმაციით, გაყიდვები დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. ეს იმას გულისხმობს, რომ თვითდასაქმებულებს, ანუ მათ, ვისი შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა სჭირდებათ. 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი კომერციული ბანკებისთვის ძალაში შედის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება", რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის ვალდებულებასთან ერთად, სესხის გაცემა სხვადასხვა ლიმიტისა და კოეფიციენტის გათვალისწინებით მოუწევთ.

ქრისტინე გამთენაძე