საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“ არ დააკმაყოფილა.
საქმე ეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ არაალკოჰოლური სასმელის სავალდებულო მარკირების წესს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საკონსტიტუციო სარჩელით სასამართლოს „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „შპს კასტელ ჯორჯიამ“ და „სს წყალი მარგებელმა“ მიმართეს, თუმცა სასამართლომ მათი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საკონსტიტუციო სასამართლოს „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიმ“ 2017 წლის 13 მარტს მიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება კი 2018 წლის ოქტომბერს მიიღო.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ „სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების იმპლემენტირებული მოდელი ხასიათდება კორუფციული ნიშნებით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებას და იმავე მიზნის მიღწევა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი.
ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი. კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ან არასწორი მარკირების (პროდუქტის გამოტოვების, აცილების) რისკი დიდია როგორც დაბალი, ისე მაღალი წარმადობის ხაზებზე. ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან, ისევე როგორც გაუმართაობის აღმოფხვრის შესაძლებლობა, მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირს და მის წარმომადგენელს აქვთ. „მსგავს პირობებში, გაუმართაობის მცირე დროში (მაგალითად, ერთი საათის პერიოდში) აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი, საწარმოს შეიძლება მიადგეს სოლიდური ზიანი“, - აღნიშნულია სარჩელში.
ამასთან, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები იწვევს საკუთრების უფლების იმაზე მეტი ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ მოსაზრების სასარგებლოდ, მოსარჩელე მიუთითებს იმ ალტერნატივებს, რომლებიც იქნებოდა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება და რომლებითაც შესაძლოა ჩანაცვლდეს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი მოდელი. კერძოდ, შესაძლებელია, აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით, აღირიცხოს თითოეული ბოთლი და ეს ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, ხაზები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელსაც ექნება დაცული ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურის სერვერთან. შესაბამისად, მაკონტროლებელი შეძლებს, დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს კონტროლი. მოსარჩელე მხარე დამატებითი კონტროლის მექანიზმად ასევე მოიაზრებს შემოსავლების სამსახურის მიერ, რეალურ დროში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელებას და ბაზების შერჩევით შემოწმებას.
ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ რეგულაციას, უფრო მეტ სამომხმარებლო ტვირთს, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლები. მოსარჩელისათვის გაუგებარია, რა საჭიროა ისინი დაექვემდებარონ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ მარკირებას, თუკი სხვა სამეწარმეო სფეროების შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრირება მარკირების გარეშეც შესაძლებელია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ წარმოების პროცესში, მეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრებით, უსაფუძვლოდ იზღუდება მათი სამეწარმეო თავისუფლება. ამასთან, ამ შემთხვევაში მეწარმეობის თავისუფლების კომპონენტია თანასწორობა და საკითხის შეფასება მის ფარგლებში უნდა მოხდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ კი დაადგინა, რომ სადავო ნორმები მოითხოვს საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნას. სისტემის იმპლემენტაციის ტექნიკური მოდელი ან/და კონკრეტული ტექნიკური საშუალების გაუმართავი ფუნქციონირება ვერ მოახდენს გავლენას სადავო ნორმების შინაარსზე. სადავო ნორმები ითვალისწინებს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული უალკოჰოლო სასმელების სრულ აღრიცხვას. შესაბამისად, მარკირებულ და რეალურად წარმოებულ ოდენობებს შორის ცდომილების არსებობა არ წარმოადგენს სადავო ნორმების რეგულირების შედეგს. მსგავსი არგუმენტაციით, მოსარჩელემ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე შეიძლება იდავოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ტექნიკურად შეუძლებელი, ანდა პრაქტიკულად არაიმპლემენტირებადია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო მარკირების ინსტიტუტის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის სრულყოფილად აღრიცხვა“
სასამართლომ ასევე შეაფასა სადავო ნორმებით მეწარმეებისათვის დადგენილი ვალდებულების სიმძიმე. ფინანსურ ტვირთთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ იგი არ იყო განუზომლად მძიმე. სადავო ნორმის ეფექტი არაალკოჰოლური სასმელების თითოეული ბოთლის მაქსიმუმ 2 თეთრით გაძვირებაში გამოიხატებოდა, რაც თავისთავად მის არაკონსტიტუციურობაზე არ მეტყველებდა. ამავე დროს, მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაასაბუთებდა მარკირების აპარატის განთავსების გამო საწარმოო პროცესის ინტენსიურ ხელშეშლას.
„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე“, - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.