ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო საქმის სპეციალისტები ჩაერთვნენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 100-მდე ნერგი სტუდენტებმა მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით დარგეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 50 000 -მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული.
ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.
ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლინგ მორტონია.