საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა არის რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი.
„2 თვის წინ, ზუსტად ამ ადგილას, მე გავაკეთე პრეზენტაცია ჩვენი ხედვის შესახებ, რომელიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკას და მწვანე ეკონომიკას. მწვანე ეკონომიკა არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“, - განაცხადა ბახტაძემ.