მამუკა ბახტაძე - საქართველოში მომავალ წელს 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა

მომდევნო წელს ე.წ. Carsharing-ის პრინციპით, საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანას გაუსვა ხაზი.

„მომდევნო კვირიდან უკვე დაიწყება საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანა და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, 2000-ზე მეტი ელექტრომობილი შემოვა ე.წ. Carsharing-ის პრინციპით, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპით, რომელსაც უზარმაზარი უპირატესობა აქვს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს ჩვენს დედაქალაქში და ამავე დროს ხელს შეუწყობს იმას, რომ ელექტრომობილები გახდეს კიდევ უფრო პოპულარული ჩვენს ადგილობრივ ბაზარზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხაზი გავუსვათ იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დაინერგოს საქართველოში - ეს არის მოხმარების კულტურა. ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყვავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარია ის, რომ შევქმნათ ისეთი კომპფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულად და იაფ ფასში გადაადგილდნენ და შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.