თბილისი რუსთავს შესაძლოა, მეტროთი დაუკავშირდეს

თბილისიდან რუსთავამდე შესაძლოა, მეტროს ხაზი გაკეთდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია პროექტის განსახორციელებლად კვლევას უკვეთავს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

„დღეს წარმოვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის სიახლე ჩვენი ქალაქისთვის და დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მოსახლეობა იქნება კმაყოფილი ამ პროექტის განხორციელებით. მეტრო არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომლითაც ყველაზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ვიწყებთ 2019 წლიდან ახალ მიმართულებას, მიწისზედა მეტროს განვითარებას სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მოეწყობა 8 ახალი მეტროსადგური, ასევე სამგორიდან შესაძლებელი იქნება აეროპორტის მიმართულებით მგზავრობა. პირველ ეტაპზე 6-6 შემადგენლობა იქნება და მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი; თუმცა, მომდევნო წლების განმავლობაში მოცდის დროს შევამცირებთ და მატარებლების რაოდენობას გავზრდით ამ მონაკვეთზე. 90 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. ვიწყებთ 2019 წლიდან და 2021-2022 წლისთვის იქნება მთლიანად დასრულებული. ასევე, ვმუშაობთ ამ პროექტის მეორე ნაწილზე, ვუკვეთავთ კვლევას, რუსთავის მიმართულებით რამდენად შესაძლებელი და სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ანუ მეტროთი რუსთავთან დაკავშირება. როდესაც გვექნება კვლევის შედეგები, მივიღებთ გადაწყვეტილებას. კვლევას რამდენიმე თვე დასჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.