გასულ კვირას ლარმა გაუფასურება სწრაფი ტემპებით დაიწყო და ისტორიულ მაქსიმუმს საკმაოდ მიუახლოვდა.კიდევ უფრო ძვირად იყიდება დოლარი კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში. ლარის გაუფასურების მიზეზებზე „კვირის პალიტრა“ საბანკო სფეროს ექსპერტს ვაჟა კაპანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები თუ ფიზიკური პირები, არჩევნების წინ თავს იზღვევენ და საეჭვოდ, არალეგალურად მიღებული შემოსავლები ოფშორში გააქვთ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, ახლა სწორედ ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ.
„კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არჩევნები, მაგრამ არა საარჩევნოდ დახარჯული ფული. ასეთ დროს სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, არჩევნების წინ თავს იზღვევენ და საეჭვოდ, არალეგალურად მიღებული შემოსავლები ოფშორში გააქვთ. თავისი მნიშვნელობით ეს არჩევნები არ არის ისეთი, რომ ხელისუფლების შეცვლას მოასწავებდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მეტად საინტერესო გარემოება. არ არის გამორიცხული, ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ... შესაძლოა, ისინი თავს იზღვევენ, რადგან საზოგადოება საგამოძიებო უწყებებს მათი შემოსავლებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. არ არის გამორიცხული, ახლა სწორედ ეს ფული გადიოდეს ქვეყნიდან, რამაც გააჩინა მოთხოვნა დოლარზე და შესაბამისად გააძვირა კიდეც. ამიტომ, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საშუალებით ამ თანხებსაც უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოებრივი აზროვნების დიდი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.