მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით 1 916 182 ლარის შემოსავალი მიიღო, რეკლამაზე კი 1 929 613 ლარი დახარჯა.
როგორ დახარჯა საპრეზიდენტო კანდიდატმა იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი მიიღო, „ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში სააგენტოს განუცხადეს, საპრეზიდენტო კანდიდატს შეუძლია რეკლამაზე გამოიყენოს წინა პერიოდში მიღებული შემოწირულებიდან დარჩენილი თანხაც.
„სალომე ზურაბიშვილს წინა თვეებში განხორციელებული შემოწირულებიდან ჰქონდა დარჩენილი თანხები, რომლის ოქტომბერში გამოყენების უფლებაც მას გააჩნდა“, - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
როგორც აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილმა სატელევიზიო რეკლამისთვის 1 186 207 ლარი; ბეჭდური რეკლამისთვის - 210 572 ლარი, ინტერნეტ რეკლამისთვის 17 307 ლარი, გარე რეკლამისთვის - 307 300 ლარი დახარჯა; ხოლო სხვა სარეკლამო ხარჯები 208 227 ლარს შეადგენს.
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს შრომის ანაზღაურება არ გაუცია, ხოლო ქვეყნის შიგნით მივლინებებში 5558 ლარი დახარჯა, ოფისის ხარჯი - 17 414 ლარი ჰქონდა, საკანცელარიო საქონლის, საოფისე ტექნიკისა და ინვენტარის შეძენის, დამონტაჟებისა და მოვლა- შენახვის ხარჯი - 16 622 ლარი, კავშირგაბმულობის ხარჯი - 76 ლარი; კომუნალური ხარჯი - 718 ლარი; ელექტროენერგიის ხარჯი- 566 ლარი; წყლის ხარჯი-141 ლარი; სხვა კომუნალური ხარჯი -11 ლარი; ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლოატაციის და მოვლა-შენახვის ხარჯი - 6480 ლარი; საწვავ-საპოხი მასალების შესაძენი ხარჯი - 6480 ლარი;
გარდა ამისა, ზურაბიშვილმა საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნისა და თარგმანის მომსახურებისთვის 488 ლარი დახარჯა, საიჯარო ქირისთვის 63078 ლარი გადაიხადა, უძრავი ქონების იჯარისთვის 61 828 ლარი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების იჯარით მომსახურებისთვის - 1250 ლარი, ხოლო სხვა დანარჩენი ხარჯების გრაფაში მითითებულია, რომ ზურაბიშვილმა 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით ჯამში 140 890 ლარი გადაიხადა.