პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ მთავრობის კანონპროექტს წარდგენილი სახით მხარს არ უჭერს.
კომიტეტმა პროექტი დღევანდელ სხდომაზე განიხილა, თუმცა კენჭისყრა დამატებითი კონსულტაციების გამართვის საჭიროების მიზეზით გადადო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ პროექტი მოუმზადებელია და არსებული სახით მიღებამ, შესაძლოა, პრობლემები შექმნას. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ მთავრობისგან მოითხოვა, პარლამენტს იმ ნორმატიული აქტების ძირითადი პრინციპები გააცნოს, რომლის მიღებაც შენობების ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იგეგმება.
“შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტში მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
პროექტის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, რასაც როგორც ინიციატორები განმარტავენ, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სხვა ბევრი ისეთი დადებითი შედეგი გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაცია, ჰაერის, წყლის მიწის დაბინძურების შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა, ენერგიის მოხმარებაზე გადასახადების შემცირება და ა.შ.
კანონი უშვებს ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას მაღალეფექტური ალტერნატიული სისტემების გამოყენების შესაძლებლობას, თუ ისინი ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად განხორციელებადია.
ამასთან, პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები.
კანონპროექტის თანახმად, 2029 წლიდან ყველა ახალი შენობა უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მოთხოვნებს.