ბებიის რეცეპტით მომზადებული ქართული ჯემები „ლეთა“ შესაძლოა, ექსპორტზე ევროპაში გავიდეს. ბიზნესი ორ ახალგაზრდა სტარტაპერს თამარ ათუაშვილსა და ლელა ზერეკიძეს ეკუთვნით.
„იმ დროისთვის მეცნიერებით ვიყავი დაინტერესებული და თავი მომავალ ფიზიკოსად წარმომედგინა. ერთ საღამოს მე და ჩემმა მეგობარმა, უკვე თანადამფუძნებელმა ლელა ზერეკიძემ, გადავწყვიტეთ ბებიის უგემრიელესი რეცეპტით მომზადებული ჯემები ფართო საზოგადოებისთვის გაგვეცნო. პირველი ნაბიჯი სოციალურ სივრცეში გვერდის გაკეთება იყო, რომელსაც მაშინ “მურაბა” დავარქვით. გეგმის სახით ჩამოვწერეთ თუ რას ვაპირებდით და დაახლოებით, ხარჯებიც დავიანგარიშეთ. ასე ეტაპობრივად დავიწყეთ საკუთარ იდეაზე მუშაობა“- იხსენებს ათუაშვილი.
გასულ წელს თამარმა და ლელამ Yes-Goergia-ს “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში” გადაწყვიტეს სწავლის გაგრძელება, რომ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მიეღოთ ბიზნესის მართვის მიმართულებით.
„მეწარმეთა სკოლაში ჩვენ უამრავი რამ აღმოვაჩინეთ, ვისწავლეთ და დავხვეწეთ. პრაქტიკულად შევძელით დაგვემუშავებინა ჩვენი ბიზნეს იდეა, მიგვეღო შენიშვნები და გამოგვესწორებინა შეცდომები. ამავე პერიოდში გავუკეთეთ ჩვენს პროდუქციას ბრენდირება, საბოლოო მიზანი გამოვკვეთეთ და დღეს ქართულ ნატურალური ხილის ჯემებს და მურაბებს ვაწარმოებთ, რომელიც ბებიის რეცეპტით არის დამზადებული. პროექტი Yes-Georgia “ლეთას” ჯემებისთვის უდიდესი ტრამპლინი აღმოჩნდა,”- აღნიშნავენ პროექტის ავტორები.
ამ ეტაპზე ახალგაზრდების საწარმო სახლის პირობებშია განთავსებული, თუმცა, ახალგაზრდები სახსრების მოზიდვას და კენკროვან პროდუქტზე აქცენტირებით ბიზნესის გაფართოებას აპირებენ. მათი აზრით, უნიკალური შეფუთვისა და გემოვნური თვისებების წყალობით, ჯემებსა და მურაბებს უცხოეთშიც გაიტანენ.
ამ დროისთვის გოგონებს უკვე აქვთ რამდენიმე შემოთავაზება და ბებიის რეცეპტით მომზადებულ ნატურალურ პროდუქციას მალე ლიტვის ბაზარზეც გაიტანენ.
წყარო: publicity.ge