ნავთობის ფასი 80 დოლარს ასცდა

ნავთობის ფასმა ახალი კვირა ზრდით დაიწყო და 80-დოლარიანი ბარიერი გადალახა, რაც დასავლეთსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დაძაბვას მოჰყვა.

გარდა ამისა, ირანის წინააღმდეგ სანქციების სრული მასშტაბით ამოქმედებამდე ორი კვირაღა არის დარჩენილი.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ გეგმავს დასავლეთისადმი 1973 წლის მსგავსი ემბარგოს გამეორებას და მოპოვების გაზრდით, ბაზრიდან ირანის გარიყვით გამოწვეულ დანაკლისს სრულად დააბალანსებს.

შეერთებული შტატების რამდენიმე კონგრესმენმა განაცხადა, რომ საუდელ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისთვის, საუდის არაბეთი მკაცრ სანქციებს იმსახურებს. არაბული სამეფო აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას უპასუხოდ არ დატოვებს.

ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთი მალე თავის დღიურ მოპოვებას 11 მილიონ ბარელამდე გაზრდის. უფრო მეტიც, დაამატა, რომ ერ რიადს მოპოვების მოცულობის 12 მილიონ ბარელამდე აყვანის პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, დღიურ მოპოვებას 200 ათასი ბარელით გაზრდის საუდეთის OPEC-ელი მოკავშირე არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ცნობისათვის, ამჟამად საუდის არაბეთი დღეში 10.7 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მოიპოვებს.

„როიტერსის“ ინფორმაციით, დღეს ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 45 ცენტით, 80.23 დოლარამდე გაიზარდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 31 ცენტით, 69.43 დოლარამდე გაძვირდა.

ირანის ნავთობის ექსპორტზე აშშ-ის სანქციები სრულად 4 ნოემბრიდან ამოქმედდება და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის შემდეგ, ბაზარს დღეში 1.5 მილიონი ბარელი დააკლდება. ინვესტორებს პირველ რიგში აინტერესებთ, რამდენად მოხერხდბა ამ დანაკლისის შევსება.

OPEC-მა (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ივნისის შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ ბაზარზე მიწოდება გაიზარდოს, რათა ირანის სანქციებით გამოწვეული დანაკლისის დაბალანსება მოხერხდეს. მაგრამ როიტერსის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ამის გაკეთება გაჭირდება. თუმცა ფასის დაბალანსებას შესაძლოა ხელი აშშ-ჩინეთს შორის ვაჭრობაში არსებულმა დაძაბულობამ შეუწყოს.

OPEC-ის პროგნოზით, მომავალ წელს ნედლ ნავთობზე მსოფლიო ბაზრის დღიური მოთხოვნა საშუალოდ 31.8 ბარელი იქნება. შედარებისთვის, წელს საშუალო დღიური მოთხოვნა 32.8 მილიონი ბარელია.