„ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება.ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია ან - საფრანგეთი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებითა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
ორდღიანი მასშტაბური ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. მასზე ასევე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზიდენტი ნინა პრეტორიუს - ფრეიზენი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიესალმა ფორუმის მონაწილეებს და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის დიდი პატივია, რომ კონვენციებისა და კონგრესების საერთაშორისო ასოციაციამ ესოდენ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარების ადგილად საქართველო შეარჩია.
„ტურიზმს საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით ტურიზმი ის სფეროა, რომელიც ჩვენი საექსპორტო შემოსავლების პრაქტიკულად, 80%-ს გვაძლევს. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გვაქვს პოზიტიური ვაჭრობა და სადაც ჩვენ ძალიან დიდი ტემპებით ვვითარდებით. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ჩვენ ძალები უნდა მოვახმაროთ იმას, რომ იმ ტურისტებს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მოვემსახუროთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა ღონისძიებები, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად განახორციელებს. მათ შორისაა, ინფრასტრუქტურის განვითარება - გაძლიერება, ასევე პირდაპირი ფრენები, განათლება ტურიზმის სფეროში და სხვ. „ჩვენ უნდა ვნახოთ, საიდან და როგორ უნდა მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და სად გვჭირდება პირდაპირ ფრენები. ასევე დიდი ძალისხმევა გვჭირდება განათლების სფეროში - უნდა მივცეთ განათლება ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ტურისტულ სეგმენტს მოემსახურება. ეს პროფესიებია - გიდი, მიმტანი, მენეჯერი და სხვ. გვაქვს სერიოზული პროგრამა საემიგრაციო საკითხებთან და საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ეს კომპლექსური პროგრამა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ტურიზმის მომსახურების ხარისხი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, პრიორიტეტებს შორისაა საქართველოში მაღალი გადახდის უნარიანი ტურისტების მოზიდვა და ე.წ. ბიზნესტურიზმის განვითარება.
საქართველოს საერთაშორისო შეხვედრების ფორუმში საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის 2017 წლის რეიტინგის თანახმად, წინა წელთან შედარებით 8 პუნქტით გაუმჯობესდა, ხოლო 2014 – 2017 წლებში საქართველო, ჯამში, 18 პუნქტით დაწინაურდა.