თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით მუშაობა არ შეჩერებულა.
როგორც ბითაძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო, კანონი ძალაშია და ამ ეტაპზე საკრებულოს მიერ მხოლოდ შესაბამისი აქტის გამოცემაა დარჩენილი.
“სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის დროის დარეგულირების საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო აქტი, რომელიც ძალაშია. ჩვენ ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში, საკრებულოსთან და ამ სფეროზე მომუშავე ასოციაციებთან და კომპანიებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის პროექტი, რომელიც საკრებულოს მიერ უნდა დამტკიცდეს და რომელიც ზუსტ დროს განსაზღვრავს. ვფიქრობთ, მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვეცოდინება ზუსტი თარიღი, როდის შევა ძალაში ის ვალდებულება, რაც საქართველოს პარლამენტს უკვე აქვს განსაზღვრული, კერძოდ, სადისტრიბუციო მანქანებისთვის დღის განმავლობაში პიკის საათებში მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივის განხილვა, რომელიც დისტრიბუციის მანქანების ღამის საათებში გადადგილებას ეხება, დროებით შეჩერდა.