საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის განმავლობაში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის (მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის/გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით) 17 ფაქტი გამოავლინა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებით დადგინდა, რომ წარმოების პროცესში მეწარმე სუბიექტები მოტყუებით ახდენდნენ როგორც კვების პროდუქციის (ძეხვეული, სოსისი, შებოლილი თევზი), ასევე სამშენებლო მასალის (ცემენტი) თვისობრიობის შეცვლას. მათივე ცნობით, მსგავსი ქმედებით მნიშვნელოვნად ირღვეოდა მომხმარებლის ინტერესი.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, ბრალდებულის სახით 21 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.