საქართველოს ეროვნული ბანკის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ორგანიზებით, კორპორაციული მართვის თემაზე კონფერენცია გაიმართა.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, შეხვედრა მიზნად ისახავდა კორპორაციული მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას, ასევე, არსებული გამოწვევებისა და დადებითი მხარეების წარმოჩენას, რომელიც თან ახლავს კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვას.
მათივე ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ექსპერტებმა, ტილბურგისა და კარლსრუეს უნივერსიტეტის პროფესორებმა, საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გახსნა. მან აუდიტორიას გააცნო კომერციული ბანკებისა და კაპიტალის ბაზრის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, სამომავლო გეგმები და ხაზი გაუსვა ამ სფეროებში მიმდინარე რეფორმებისა და მათი ეფექტური განვითარებისთვის კორპორაციული მართვის მნიშვნელობას.
„მეტად მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, რომელიც ემსახურება კორპორაციული მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლებას, გამოწვევებისა და დადებითი მხარეების წარმოჩენას, რომელიც თან ახლავს კორპორაციული მართვის პრინციპების დანერგვას. ჩვენთვის, როგორც განვითარებადი/გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია დავაწესოთ კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტები კომპანიებისთვის, რათა გაიზარდოს ინტერესი როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური ინვესტორების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება კომპანიების ეფექტურ მუშაობასა და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაზე. კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი და განვითარებაზე ორიენტირებული მარეგულირებელი გარემოს შექმნა, რომელიც ბაზარს ეფექტიანად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს და, ცხადია, უზრუნველყოფს მაღალი დონის სანდოობასა და ინვესტორთა დაცულობას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს კორპორაციული მართვის თემაზე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, განიხილეს განვითარებად ბაზრებზე კორპორაციული მართვის მნიშვნელობა, კორპორაციული მართვის როლი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასა და დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. ასევე, იმსჯელეს გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის საკითხების მნიშვნელობაზე, საფონდო ბირჟის როლსა და მარეგულირებელ ღონისძიებებზე.