თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზს შესაძლოა, სახელი გადაერქვას. ამ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 265 მიმდინარე, 211 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც საბურთალოს ხაზისთვის სახელის გადარქმევას გულისხმობს.
„საბურთალოს ხაზზე სულ 7 გაჩერებაა: ვაგზლის მოედანი-წერეთელი- პოლიტექნიკური ინსტიტუტი-სამედიცინო ინსტიტუტი-დელისი-ვაჟა ფშაველა-უნივერსიტეტი. ყველა სახელწოდება დელისის გარდა (რომელიც კაცმა არ იცის რას ნიშნავს) უკავშირდება სწავლას და კულტურას.
ამ ხაზით სარგებლობს უამრავი სტუდენტი, პროფესორი და სხვა სწავლასთან ასოცირებული ადამიანი, ამიტომ ეს ხაზი და ხალხი იმსახურებს, რომ უნივერსიტეტის ხაზი ერქვას.
P.S. სახელწოდება „დელისიც“ თუ შეიცვლება აღიარებული ქართველი პროფესორის სახელით ან სხვა ანალოგიური მიღწევების მქონე პიროვნებით, ურიგო არ იქნება,“- აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ იდეაზე ხმის მიცემის ვადა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს იწურება.