საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ტარიფების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფების დადგენაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში არ მიმდინარეობს. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გეგმიური პროცესია, რომელიც გათვალისწინებულია სატარიფო მეთოდოლოგიით.
„კომისიაში, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები შპს „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“, სს „საქორგგაზისა“ და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“ 2019 წლის გეგმიური ტარიფების დადგენაზე. სატარიფო საკითხებზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყება განპირობებული იყო იმით, რომ ზემოაღნიშნულ საწარმოებს ტარიფები დადგენილი აქვთ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად, მათ ტარიფები უნდა დაუდგინდეთ მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის. კომისიის გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 31 დეკემბერი.
ამ ეტაპზე, კომისიაში მიმდინარეობს კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატარიფო დოკუმენტაციის შესწავლა და იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების ანალიზი არ დასრულებულა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საბოლოო სამომხმარებლო ტარიფი.
რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების - სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფებს, აღნიშნული კომპანიებისათვის ტარიფები დადგენილია 3 წლიან სატარიფო პერიოდზე 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ მიმართულებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები არ მიმდინარეობს და ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილება არ განიხილება“, - აცხადებენ სემეკში.