თიბისი ბანკში ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ კომერციულ ბანკებში სესხების შემცირებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი ზრდას ელოდებიან.ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საცალო სესხების საკრედიტო პორტფელის ზრდა შემცირდება. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე კორპორატიული სესხების პორტფელის ზრდას, ეს იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე 2018 წელს“, -აღნიშნა ბუცხრიკიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა სებ-თან გამართულ სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებითაც გაააკეთა განცხადება. ბუცხრიკიძემ აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკის მხრიდან რეგულაციებთან დაკავშირებით მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზე იყო საუბარი.
„დებულების ძირითადი კონცეფცია იგივე იყო, რაც გამოქვეყნებულია, მხოლოდ კოსმეტიკურ ცვლილებებზეა საუბარი“, - აღნიშნა ბანკირმა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, რეგულაციები, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება, არის საკმაოდ მკაცრი და საბანკო სექტორი მარეგულირებლის მიერ პროგნოზირებული ზრდის მიღწევას ვერ შეძლებს.
„საბანკო ასოციაცია მთლიან შიდა პროდუქტზე 3-პროცენტიან ნეგატიურ ეფექტს ვარაუდობს, ეროვნული ბანკის პროგნოზი კი, 0.9 პროცენტს შეადგენს“, - ამბობს ბანკირი.
ამასთან, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, საბანკო სექტორს მარეგულირებელთან თარიღის ცვლილების შეთავაზება ჰქონდა, რაზეც ეროვნული ბანკი არ დათანხმდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა რეგულაციების თარიღის შეცვლის შეთავაზება, საბანკო სექტორმა ვადის გადაწევა ითხოვა, თუმცა ჩემი პროგნოზით რეგულაციების ამოქმედების თარიღი არ გადაიწევს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ქრისტინე გამთენაძე