ირანის ნავთობის მინისტრი აცხადებს, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტის შეჩერებას შეერთებული შტატები ვერანაირი სანქციებით ვერ შეძლებს.სამაგიეროდ, ამგვარი ქმედება ბაზარზე რყევების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.
ირანის ნავთობზე ვაშინგტონის ახალი სანქციები სრულად 4 ნოემბრიდან ამოქმედდება. შეერთებული შტატები ასე ირანის დასუსტებას ცდილობს, რამაც ამ ქვეყანას, სირიისა და ერაყის კონფლიქტებში ჩარევის რესურსი უნდა შეუმციროს. რაც მთავარია, ამგვარი ხისტი ზემოქმედებით, ამერიკა ირანს, ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების დაწყებასაც აიძულებს.
„თუ ამერიკა ნავთობის ერთ-ერთ უმსხვილეს მომპოვებელს სანქციებს უწესებს, ამით ნავთობის ბაზარზე რყევების გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ასე ირანიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა შეუძლებელია“, - ახალი ამბების სააგენტო ტასნიმთან საუბრისას განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ზანგანემ.
მისივე თქმით, თუ შეერთებული შტატები სანქციებს მაინც აამოქმედებს, ბაზარზე ირანული ნავთობის სრულად ჩანაცვლება შეუძლებელი იქნება. ამის საპირისპიროდ, აშშ-ის ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა "როიტერსთან" საუბრისას განაცხადა, რომ ბაზარზე მიწოდების დანაკლისის ფაქტორი ფასებზე უკვე აისახა და ირანის გამოთიშვა, ნედლი ნავთობის შემდგომ გაძვირებას აღარ გამოიწვევს.
ირანის რეგიონული მეტოქე და აშშ-ის მოკავშირე საუდის არაბეთი ირწმუნება, რომ ირანული ნავთობის დანაკლისის სრულად კომპენსირების რესურსი გააჩნია, რისთვისაც დღიურ მოპოვებას 12 მილიონ ბარელამდე გაზრდის. ცნობისათვის, ამჟამად საუდეთი დღეში 10.7 მილიონ ბარელს მოიპოვებს.