„რეგიონში ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში"

რეგიონში ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში. მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნლისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“.

„ის, რაც გადმოდის „რუსთავი 2“-დან 99 პროცენტი არის სიცრუე. ის, რომ პრობლემები შეიძლება იყოს მთავრობაში, პრობლემები შეიძლება იყოს ხელისუფლების სხვა შტოებში, ესაა ნორმალური ყველა სახელმწიფოში. შეიძლება გადაცდომაც მოხდეს, შეიძლება კორუფციაც იყოს, მაგრამ მას უნდა არგუმენტები, მას უნდა საბუთები და მასზე პასუხი უნდა აგონ. ჩვენი ხელისუფლების ხელწერა პირველი დღიდან გახლდათ ის, რომ ჩვენი გუნდის წევრებსაც არავინ ზოგავს. სუბელიანიც მაღალჩინოსანი გახლავთ და ის დღეს ციხეშია. თქვენს კითხვაში რაც ისმოდა, რომ არის ბევრი კითხვა კორუფციასთან დაკავშირებით, მოიმატა კორუფციის დონემ და ამას სჭირდება პასუხები - რა თქმა უნდა, ჟურნალისტები და მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, რომ ხელისუფლება იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს არც კორუფციის ზრდა და არც დანაშაულის ზრდა. ეს თქვენი მოვალეობაა. ოღონდ ჟურნალისტმა უნდა მოიტანოს ფაქტები და არა სიცრუე გაავრცელოს, როგორც ხდება მასიურად ტირაჟირება „რუსთავი 2“-დან. განსხვავებული აზრი არ არის ტელევიზიაში. დახურული აქვთ განსხვავებული აზრი. ამდენი სახლები გამოიტანეს, ამდენ ჩანაწერებს აკეთებენ, მაგრამ განსხვავებული აზრის საშუალება არ იქნება და არ ითქმება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველა ტელევიზია მოდელირებული იყო. „თუ რამე კეთდებოდა და კეთდება, რეგიონში ვართ ლიდერები ეკონომიკის ზრდაში. მინიმუმ ორჯერ არის გაზრდილი ტემპი ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკაში და ციფრები წამოღებული მაქვს, რაც კეთდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მოდელირებული ყველა ტელევიზია, წითელი „კასკებით“ და ყვითელი „კასკებით“ გამოყავდათ... საზოგადოებაც „შესმული“ ჰყავდათ ამაზე, რომ საოცარი აღმშენებლობა მიდის, დავით აღმაშენებელსაც კი ედრებოდა მათი ლიდერი, ისე გავიდა ზონიდან. ორჯერ მეტს ვაშენებთ ყველაფერს. რაც აუშენებია „ნაციონალური მოძრაობას“, მარტო მე ვაშენებ იმდენს - გზები, ხიდები... რაც გინდათ დაასახელეთ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.