„რეზონანსი" - წლიდან წლამდე შეძლებული ფენაც მცირდება

400 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობა 2016-2017 წლებში 3000 ადამიანით შემცირდა.როგორც ჩანს, ქვეყანაში შეძლებულ ადამიანთა რაოდენობაც მცირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია არათუ საშუალო ფენაზეც აისახა მძიმედ, არამედ შედარებით მდიდართა კატეგორიასაც მიაყენა დარტყმა.

ის, რომ საქართველოში ღარიბები ღატაკდებიან და შეძლებულები უფრო მეტად მდიდრდებიან, რეალობისგან შორს აღმოჩნდა. ლარის კურსის მუდმივი გაუფასურება და ინფლაცია, როგორც ჩანს, ყველა ფენაზე მეტ-ნაკლები სიმძაფრით აისახა. 2016 წელს 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავალი 32 000 მოქალაქეს ჰქონდა, 2017 წლისათვის კი მათი რიცხვი 29 000-მდე ჩამოვიდა.

ოფიციალურ უწყებებში ამბობენ, რომ ქონების გადასახადის გადამხდელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ზრდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირების ხარჯზეა, რადგან უფრო დაბალი შემოსავლის მქონეთა კატეგორიაში 3000 ადამიანით ნაკლები მოხვდა. აშკარაა, რომ შემოსავალი უმცირდება შეძლებულ და საშუალო ფენასაც, რომლის გაქრობის საფრთხეზე სპეციალისტები, წლებია, საუბრობენ.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძის თქმით, წლიური 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის სტატუსით 2017 წელს დეკლარაცია შეავსო 8723-მა ფიზიკურმა პირმა, ხოლო 29 000 ფიზიკურ პირს წლიურ შემოსავლებში 40 000-დან 100 000 ლარამდე ჰქონდა მითითებული.

„64 000 ფიზიკური პირიდან 34 000 მიწის გადასახადის ვალდებულებების ნაწილში ქონების გადასახადის გადამხდელია, ხოლო 29 000 ფიზიკური პირი მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

გარდა ამისა, საგადასახადო კანონმდებლობით გვაქვს ასეთი ჩანაწერი, რომ თუკი ფიზიკურმა პირმა ერთხელ გაატარა დეკლარაციაში ქონების გადასახადი და მომდევნო წელს არ ეცვლება მონაცემები, მას შეუძლია, დეკლარაცია არ წარმოადგინოს და საგადასახადო ორგანო ავტომატურად დაარიცხავს წინა წლის შედეგების მიხედვით.

აქედან გამომდინარე, 29 000 ფიზიკურ პირს ემატება 8 200 დეკლარაცია, რომელიც ავტომატურად გადმოვიტანეთ წინა წლის შედეგების მიხედვით, ანუ ჯამში, 37 000 დეკლარაცია არის შევსებული ფიზიკური პირების მიერ, რომელთაც წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია", - აღნიშნა დგებუაძემ „საქმიან დილაში".

როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ეკონომიკაც და ბიზნესიც „დაპატარავდა". ამიტომაც ხალხს შეუმცირდა შემოსავალი.

„ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები არიან საფინანსო სექტორი და საჯარო სექტორი. დიდი ალბათობით, ვალუტის დევალვაციამ თავისთავად განაპირობა ეკონომიკის "დაპატარავება" და ამის კვალობაზე ბიზნესის ნაწილმა თანამშრომლების რაოდენობა შეამცირა, ნაწილმა კი – ხელფასი. ეს, რა თქმა უნდა, აისახა შედარებით მაღალანაზღაურებად ფენაზე, რადგან 1000-2000 ლარის ფარგლებში ანაზღაურების მქონე პირებისათვის ხელფასის დაკლება გაცილებით რთულია. სავარაუდო სწორედ ესაა, რამაც განაპირობა შეძლებული ფენის შემცირება", - ამბობს ალაფიშვილი.

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძეც ადასტურებს, რომ საზოგადოების ფართო ფენებისათვის ყოფა გაუარესებულია, მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა კი პოლიტიკური სისტემის კონსტრუქციის ცვლილებაა.

„საზოგადოების დიდი ნაწილისათვის რომ ყოფა გაუარესებულია და ქვეყნის ეკონომიკური ჯანმრთელობა შესუსტებული, ამაზე მეტყველებს ჩვენი ეროვნული ვალუტა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან. უნდა განვიხილოთ ეფექტიანობა, როგორც მმართველობითი, ასევე პოლიტიკური მდგრადობა.

რამდენადაც მაღალია პოლიტიკური მდგრადობა, იმდენად დიდია ინვესტორების ნდობა და იმდენად მეტი კაპიტალი შემოდის ქვეყანაში. ჯანსაღი ფინანსური და ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში გასაქანი არ აქვს ქვეყნის ვალუტის გაურკვეველ მდგომარეობას. პოლიტიკური არასტაბილურობა და არაეფექტიანობა გავლენას ახდენს როგორც უცხოელ ინვესტორებზე, ასევე ვალუტის სიძლიერეზე და, შესაბამისად, სახელფასო ანაზღაურებაზეც.

კაპიტალდაბანდება რომ იზრდებოდეს და ქვეყნის შიგნით მეტი ძლიერი ოჯახი გვყავდეს, ეს მეტ ეკონომიკურ სტაბილურობამდე მიგვიყვანდა.

ეკონომიკაშიც და პოლიტიკაშიც გაურკვევლობაა, ეს არის ყველაზე სწორი სიტყვა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. ერთი მხრივ, ჩვენ ვიბრძვით საგარეო იმიჯისათვის, მეორე მხრივ კი, ფაქტები არ მეტყველებს ჩვენ სასარგებლოდ. ყველა ამ მოცემულობის შეცვლისათვის საჭიროა პოლიტიკური სისტემის კონსტრუქციის შეცვლა", - აცხადებს აბულაძე „რეზონანსთან." 

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"