ელიავას ბაზრობის და ორთაჭალის ბაღების განვითარებისთვის 3.1 მლნ ლარიანი მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა მერიამ გაიხმო

თბილისის მერიამ დედაქალაქის 11 პრობლემური არეალისთვის ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზნით გამარტივებული წესით შესყიდვის მოთხოვნა უკან გაიხმო.

მერიის მოთხოვნის მიხედვით, ამ წინადადების განხილვის საბოლოო თარიღი 25 ოქტომბერი; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 100 000 ლარი იყო.

ჩარჩო გეგმების არეალებად განსაზღვრული იყო ტერიტორიები, რომელთაც ახასიათებთ საცხოვრებელი გარემოს ხარისხის მკვეთრი გაუარესება, ფრაგმენტული და არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი და ეკოლოგიური ფასეულობების შემცირება, სატრანსპორტო პრობლემები, დეგრადირებული საბინაო ფონდი, მიწის რესურსების ქაოტური და არარაციონალური გამოყენება.

კერძოდ, საუბარია, ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მიკრორაიონების, გლდანის ტბის, ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე - ხილიანის ქუჩების, ორთაჭალის ბაღებისა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრა გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს და საჭიროა ტერიტორიების განვითარების ჩარჩოპირობების დაზუსტება.

„ჩარჩო გეგმების შემუშავების მიზანია დედაქალაქის თანმიმდევრული და დაგეგმილი განვითარება. ჩასატარებელი ღონისძიების ამოცანებია, საჯარო და კერძო ინტერსების დაბალანსებით, მოაწესრიგოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ისეთი საკითხები როგორებიც არის: ტერიტორიების ეკოლოგიური ღირებულების შენარჩუნება, სარეკრეაციო პოტენციალის დაცვა-განვითარება, სატრანსპორტო მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაჯანსაღება, მუნიციპალური მიწის რესურსების გონივრული ათვისება და ა.შ. ასევე, ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების ერთგვაროვანი მიდგომების ფორმირება. შესაბამისი სამართლებრივი ძალის მინიჭების შემდეგ ჩარჩო გეგმები ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარების საფუძველი და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ქმედითი ინსტრუმენტი იქნება,“- აღნიშნული იყო მერიის წინადადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღიშნული ტერიტორიების ჩარჩო გეგმების შემუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით მერიამ მიმდინარე წლის სექტემბერში ტენდერიც გამოაცხადა. მაშინ ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის III-IV მ/რ, გლდანის ტბისა და მათი მიმდებარე ტერიტორიებზე - 1.8 მლნ ლარიანი; ხოლო ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის, ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე 1.3 მლნ ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. ორივე მათგანში მონაწილეობა მხოლოდ 1-მა კომპანიამ შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ“ მიიღო, თუმცა, ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.