უცხოელებს სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზებენ თუ იმ პოზიციაზე დასაქმების სურვილი საქართველოს მოქალაქეს არ ექნება

პარლამენტში წარდგენილია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება უცხოელებისთვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს. ამასთან, ცვლილებებით, უცხოელებს სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში შესთავაზებენ, თუ იმ კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმების სურვილს საქართველოს მოქალაქე არ გამოთქვამს.

„საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, ქვეყანა არ განიცდის არამარტო არაკვალიფიციური, არამედ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტს, ამიტომ უცხოელთთვის ქართულ სამუშაო ბაზარზე შემოსვლის ლიბერალური წესების არსებობა არასწორია. შესაბამისად, კომპანიის დაარსება ან კომპანიისგან შრომითი კონტრაქტის შეთავაზება არ უნდა იყოს შრომითი ნებართვის გაცემის ერთადერთი საფუძველი. საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს იმ სპეციალობების/პროფესიების ნუსხა, რომელ სფეროშიც არსებობს დეფიციტი ან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესი, რომ მოზიდულ იქნეს კვალიფიციური უცხოური ადამიანური რესურსები. დაუშვებელია შრომითი კონტრაქტი შეთავაზებულ იქნეს უცხოელისთვის, თუ არსებობს ამ სამუშაო ადგილის დაკავების მსურველი და იგივე კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე,“-აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება მუდმივი ცხოვრების ნებართვისა და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი. გარდა ამისა, ცვლილებები მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებასაც ითვალისწინებს.

„კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

რაც შეეხება საინვესტიციო ვიზას, მისი გაცემა უნდა იძლეოდეს არა მუდმივი ცხოვრების მიღების შესაძლებლობას, არამედ მხოლოდ 5 წლამდე დროებითი ცხოვრების შესაძლებლობას. ამასთანავე საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ ორ შემთხვევაში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს,“-აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.