"მაღალმთიან რეგიონებში გაზს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებენ"

ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მაღალმთიანი რეგიონების გაზით მომარაგებისთვის ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიმართულია თბომომარაგების ალტერნატიული შესაძლებლობების შეთავაზების გზით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების და ტურისტული და სარეკრეაციო რაიონების განვითარებისკენ. მემორანდუმი „სოკარის“ „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის «სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, „სოკარი“ საქართველოში განახორციელებს მნიშვნელოვან „მწვანე ინიციატივას“, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მომარაგებას ითვალისწინებს.

„ჩვენ მივესალმებით „სოკარის“ ასეთ საინტერესო და რაც მთავარია, „მწვანე ეკონომიკასთან“ დაკავშირებულ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სამინისტროს განცხადებით, „მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, კომპანია „სოკარმა“ უკვე განახორციელა პილოტური პროექტი კურორტ საირმეში, რომელიც ითვალისწინებს კურორტისთვის გაზის მიწოდებას გადატანადი მოდულური კონტეინერებით. ისინი დამზადებულია გერმანული ტექნოლოგიით კომპოზიტური მასალებისგან. აღნიშნული კონტეინერებით მოხდება საირმესა და სხვა მაღალმთიან დასახლებებში კომპრესირებული სახით არსებული გაზის გადატანა და შემდეგ დასახლებული პუნქტის მილსადენში გაზის დეკომპრესირება.

კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებით, კომპანია აპირებს აღნიშნული მეთოდის გამოყენებას საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების გაზიფიკაციის პროცესში, რადგან რთულად მისავალ ადგილებში ტრადიციული გაზსადენების მშენებლობა არამომგებიანია.

„საირმეში გაზიფიკაციის სტანდარტული სქემით რომ წავსულიყავით, 8-ჯერ მეტი ფინანსური რესურსი უნდა დაგვეხარჯა. თუმცა, გადატანადი მოდულების გამოყენებით პროექტი გაცილებით იაფი და ეკონომიკურად მომგებიანი გახდა,“ - განაცხადა მაჰირ მამედოვმა.

მისი თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიის ამოქმედება გათბობის მიზნით მაღალმთიან ზონებში ხე-ტყის ჭრას მნიშვნელოვნად შეამცირებს.