ამერიკული კომპანია „ჰაიპერლუპ ტრანსპორტეიშნ ტექნოლოჯიზ“ (ჰაიპერლუპ TT) აბუ დაბიში ტრანსპორტის ახალი, ზესწრაფი საშუალების, ჰაიპერლუპის ტრასას 2019 წლის მესამე კვარტალში ააშენებს.
ტრანსპორტის ახალი საშუალება თანდათან სარკინიგზო ტრანსპორტს ჩაანაცვლებს.
ჰაიპერლუპის ტრანსპორტი გვირაბში არსებულ გაუხშოებულ სივრცეში მოძრაობს და მამოძრავებლად მაგნიტურ პლატფორმებს იყენებს. მისი სიჩქარე კი საათში 1 200 კილომეტრს მიაღწევს. ამგვარად, ის ხმელეთზე ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი გახდება. ჰაიპერლუპის ტიპის ტრანსპორტის დანერგვის იდეა ილონ მასკს ეკუთვნის, რომელიც შეერთებულ შტატებში მსგავს სისტემებს უკვე აშენებს.
„ჰაიპერლუპ TT“ აცხადებს, რომ აბუ დაბის პროექტში მონაწილეობას საინჟინრო კომპანია „დარ ალ-ჰანდასაჰი“ მიიღებს, რომელმაც ამ საქმისთვის ინვესტიციაც გაიღო. ეს კომპანია აბუ დაბის ჰაიპერლუპს დააპროექტებს. ინვესტივციის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია.
„ჰაიპერლუპ TT-მ“ აპრილში ხელშეკრულება გააფორმა აბუ დაბის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „ალდარ პროპერტიზთან“, რომელიც დუბაისთან საზღვრის მახლობლად, ჰაიპერლუპის 10-კილომეტრიან მონაკვეთს ააგებს. გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიას აბუ დაბისთან გაფორმებული აქვს კონტრაქტი, რომლის შესაბამისადაც, ახალი ტიპის ზესწრაფი ტრანსპორტის სისტემა ომანის საზღვრის მიმართულებით აშენდება.
მსგავსი გეგმები დუბაისაც აქვს, ოღონდ მისი ხელისუფლების პარტნიორი ამ საქმეში ბრიტანული „ვირჯინ ჰაიპერლუპ ვან“ იქნება.