ევროკავშირის ქვეყნებში ერთჯერადი პლასტიკის ჭურჭელი აიკრძალება.კანონი ძალაში 2021 წლიდან შევა.
„ბიბისი“-ს ცნობით, აიკრძალება ასევე საწრუპები, პლასტმასის სტიკერები კოქტეილებისთვის და პლასტმასის ჯოხები. ამავე დროს, იგეგმება პლასტმასისგან დამზადებული საჭმლის კონტეინერების აკრძალვაც.
ევროპარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობა 571-მა დეპუტატმა მიიღო, აქედან ამ აკრძალვის წინააღმდეგი მხოლოდ 53 ადამიანი გამოვიდა.
აკრძალვის მიზეზად დასახელდა მსოფლიო ოკეანეებში სისუფთავის შენარჩუნება. როგორც ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, "თუ ახლა არაფერი ვიღონეთ, 2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პლასტიკი იქნება, ვიდრე თევზი“.
ევროკომისიის ინფორმაციით, პლასტიკური ნარჩენის მხოლოდ მესამედის შეგროვება ხდება, ნარჩენების უმეტესობა კი, ზღვებსა და ოკეანეებში ხვდება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისია ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წევრ ქვეყნებთან გამართავს.
ცნობისათვის, ცოტა ხნით ადრე ერთჯერად პლასტიკზე უარის თქმის შესახებ დიდმა ბრიტანეთმაც გამოაცხადა.
კვლევების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოველწლიურად წყალში დაახლოებით 150 000 ტონა პლასტიკი იყრება, მსოფლიო ოკეანეებში კი წლიურად 8 მილიონი ტონა პლასტიკი ხვდება. ეს კი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზღვის ბინადრებს.