შაქრის ფასი, მინიმუმ, 5%-ით მოიმატებს.
ცვლილება საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საქართველოს სამომხმარებლო ქსელებში მისი ფასი, შესაძლოა, უკვე 2-3 კვირაში შეიცვალოს. ადგილობრივ ბაზარზე შაქრის გაძვირება სავალუტო რყევის გამო ისედაც მოსალოდნელი იყო.
რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, 1 ტონა შაქრის ფასმა ბოლო 4 კვირაში ერთბაშად 70 დოლარით მოიმატა. დღეის მდგომარეობით, ლონდონის ბირჟაზე 1 ტ შაქრის ყიდვა 381 დოლარადაა შესაძლებელი, 26 სექტემბერს კი ეს მაჩვენებელი 311 დოლარს შეადგენდა.
რაც მთავარია, ტენდენცია გრძელდება და ის ადეკვატურ გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც ახდენს. დღესდღეობით 1 კგ შაქრის ფასი სამომხმარებლო ბაზარზე 1,25-1,30 ლარის ფარგლებშია. ისე მიდის საქმე, რომ პროდუქტი 5%-ით გაძვირდება.
შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ფიქრობს, რომ ფასზე უარყოფით გავლენას ლარის კურსიც მოახდენს. ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროდუქტს ისედაც გააძვირებდა, მაგრამ მსოფლიო ბაზრის ტენდენციამ ვითარება უფრო დააჩქარა.
ბროძელის ინფორმაციით, 3-4 კვირაა საჭირო, რომ ქართველ მომხმარებელს პროდუქტი გაუძვირდეს.
„მსოფლიო ბაზრის ტენდენცია ადგილობრივ ბაზარზე სათანადოდ ჯერ არ ასახულა. დაახლოებით 3-4 კვირაში ფასში საგრძნობი სხვაობა გვექნება. შესაძლოა, ლარის სამომავლო გამყარებამ ფასი ასე თუ ისე დაასტაბილუროს, მაგრამ ეს ტენდენცია ჯერ არ იგრძნობა. მეტიც, ვხედავთ, რომ ლარი უფრო და უფრო უფასურდება, რის გამოც შაქრის გაძვირება ისედაც მოსალოდნელი იყო.
უკრაინაში არის ტენდენცია, რომ შეიძლება ფასი ცოტათი ნაკლები იყოს, ვიდრე მსოფლიო ბირჟებზე, მაგრამ ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში გვექნება. შაქარი გაძვირებულია და ამ გავლენას ვერც ადგილობრივი ბაზარი დააღწევს თავს", - ამბობს "რეზონანსთან" ბროძელი.
იმპორტიორების ინფორმაციით, შაქრის გაძვირება სხვა პროდუქტების ფასებსაც შეცვლის, პირველ რიგში კი, საკონდიტრო ნაწარმზე, რადგან კომპანიების ხარჯი მოიმატებს.
სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონია შაქრის მოსალოდნელ გაძვირებას ადასტურებს და დასძენს, რომ ფასში მნიშვნელოვან სხვაობას ელოდება.
„შაქარი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია, ისევე, როგორც ზეთი, მარილი და ფქვილი, რომელთაც მომხმარებელი ყოველდღიურად მოიხმარს. საერთაშორისო ფაქტორს ლარის კურსის ვარდნაც ემატება, რისი გავლენაც ბაზრისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ცხადია, რომ ეს ორივე ფაქტორი ფასზე აუცილებლად იმოქმედებს და ლოგიკურიცაა.
შაქრის მოხმარება საკმაოდ მაღალია ქვყანაში, თანაც პიკთან არის მისული კურსი, ამიტომ ფასის დაჭერა შეუძლებელია. მიმაჩნია, რომ ყველა ის პროდუქტი გაძვირდება, რომელშიც შაქარი დიდი დოზით გამოიყენება, მათ შორის ადგილობრივი წარმოებისა. კომპანიებს ახალი გარემოება მძიმედ დააწვებათ და თავსატეხს გაუჩენს.
ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენით შეიძლება გაძვირდეს შაქარი, მაგრამ მცირე სხვაობა არ იქნება, ჩემი ვარაუდით, მინიმუმ, 5%-ით მოიმატებს ფასი", - ამბობს „რეზონანსთან" ჭყონია.
ფასში სხვაობა თბილისის სუპერმარკეტებში ჯერჯერობით არ იგრძნობა. ზოგიერთ მაღაზიაში აქციები ისევ მოქმედებს, რაც მომხმარებლისთვის შეღავათია.
ბოლო დრომდე მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის შემცირების გამო საზოგადოებაში პროდუქტის გაიაფებაზე საუბარი მუდმივად ისმოდა, თუმცა ტენდენცია საპირისპიროდ შეიცვალა. არ არის გამორიცხული, სუპერმარკეტებმაც შაქარზე დაწესებული აქცია მოხსნან და ეს პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერონ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"