რას საქმიანობს კომპანია, რომელმაც კონკურენციის კანონი დაარღვია

კონკურენციის სააგენტომ შპს „სოლვეის“ მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა.

სააგენტომ მოკვლევა შპს „დაზგას“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

მოკვლევის ფარგლებში, „სოლვეის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დადგინდა. კერძოდ, კომპანიამ დაარღვია პუნქტი, რომელიც გულისხმობს: კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით საქონლის შესახებ ისეთი ინფორმაციის გადაცემას (მათ შორის, არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის საშუალებით), რომელიც მომხმარებელს არასწორ წარმოდგენას უქმნის და ამით გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს.

„შპს „სოლვეის“ დაევალოს ამ დარღვევის აღმოფხვრა - მის მფლობელობაში არსებული დომენის (დაზგა.გე) ქვეშ მოქმედ ვებ-გვერდზე ზედა მარცხენა, ან მარჯვენა კუთხეში მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი ბანერის განთავსების გზით, სადაც მიეთითება აღნიშნული ვებ-გვერდის შპს ,,დაზგასთან“ და ვებგვერდ-www.dazga.ge-სთან კავშირის არარსებობის შესახებ,“- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად „სოლვეის“ 1 თვის ვადა განესაზღვრა.

„სოლვეის“ საქმიანობა დისტრიბუციასა და სარეკლამო მასალებით ვაჭრობას მოიცავს. კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი მირიან გურგენიძე; 49%-იანი წილის მფლობელი კი ლევან გურგენიძეა.