მცირე მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებით მიღებული შედეგი არის უნიკალური და იმაზე მეტი, ვიდრე პროგნოზი მქონდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მცირე ბიზნესის შემოსავლები მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 100%-ით გაიზარდა.
„მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ავამოქმედეთ უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის. ვგულისხმობ გადასახადების 5-ჯერ შემცირებას. ჩვენ გვაქვს საშუალება შევაჯამოთ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შედეგები. მცირე ბიზნესის შემოსავლები მესამე კვარტალში არის გაორმაგებული. ის გაიზარდა თითქმის 100%-ით. ამ ინიციატივის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი მე ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ეს შედეგი არის ობიექტურად იმაზე უფრო მეტი, ვიდრე მქონდა გათვლებსა და პროგნოზში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ჩვენი ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა და შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტში. აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70 000 მოქალაქეზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი“, - განაცხადა ბახტაძემ.