31 ოქტომბერს, „სტარტაპ გრაინდის“ ორგანიზებით თბილისს ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციაში ერთ-ერთი პიონერი, ბლოკჩეინის ექსპერტი, ICO მრჩეველი და ჩინეთის ცოდნის გაზიარების პლატფორმის მკვლევარი ამირსან რობერტო ეწვევა.
შეხვედრა „ტერმინალში“ 20:00 საათზე შედგება და აუდიტორიას მსოფლიოში აღიარებული სპიკერის მოსმენისა და მისი გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცემა. შეხვედრის განრიგის თანახმად, 20:00 საათზე სხვადასხვა სასმელის თანხლებით „ნეთვორქინგია“ დაგეგმილი, 21:00 საათზე სპიკერი ისაუბრებს, ხოლო 22:00 საათზე შეხვედრა ისევ „ნეთვორქინგით“ გაგრძელდება.
ამირსან რობერტოს ჩინეთის ციფრულ ინფრასტრუქტურაში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მარკეტინგში, გაყიდვებსა და კონტენტის ლოკალიზაციაში 10 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან, ამირი ჩინურ-ამერიკული სტარტაპის თანადამფუძნებელია, რომელსაც კალიფორნიაში შანხაისა და ტაივანში აქვს ოფისები და ჩინელმა ვენჩურ-კაპიტალისტებმა დააფუძნეს.
აღსანიშნავია, რომ WiredIn-ის დაფუძნებამ რობერტოს სოციალური მედიის, ციფრული მარკეტინგის/სტრატეგიის, ციფრული ამბის თხრობის, კონტენტის მენეჯმენტის ექსპერტად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი სტარტაპი, Roberto&Co. 12-ზე მეტ ინდუსტრიაში 40-ზე მეტ ბრენდს დაეხმარა. მის კლიენტებს შორის არიან Adecco, Shanghai Business Review, AmCham, Angel Jet Network და სხვები, შესაბამისად , ამირსან რობერტოს გამოცდილების გაზიარება ბევრი ქართველი სტარტაპერისთვის საინტერესო და ინფორმაციული იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ამირსან რობერტო Genaro Network-ში ერთდროულად რამდენიმე პროექტს უძღვება და ბლოკჩეინ სტარტაპებს სტრატეგიულ განვითარებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და კრიპტო ფონდებთან შეხვედრებში ეხმარება.
რაც შეეხება „სტარტაპ გრაინდს“, ის გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ასევე მათ, ვინც სტარტაპის შექმნას აპირებენ, სურთ არსებული სტარტაპისთვის დაფინანსების მოძიება, რომელიმე სტარტაპში დასაქმება ან უბრალოდ მათგან სწავლა.
„სტარტაპ გრაინდ თბილისი“ გლობალური საზოგადოების წევრია, რომელიც ერთი მილიონი ადამიანისგან შედგება. „სტარტაპ გრაინდის“ წარმომადგენლების თქმით, მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრაა შესაძლებელი. რაც მთავარია, ისინი „სტარტაპ გრაინდს“ სტარტაპ საზოგადოების შექმნაში ეხმარებიან.
„ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან ურთიერთობისთვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტია.
მოდი, რომ შეხვდე უცხო ადამიანებს ან გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე იცნობ. იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახარება! ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც სოციალური მედიის მეშვეობთ სტატუსის რეკლამირება, სხვებისთვის პრობლემის გადაჭრაში დახმარება ან კარგი თანამშრომლის პოვნა. მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ კერძებსა და სასმელზე და ჩაერთე ჩვენს სტარტაპ-საზოგადოებასთან ერთად საინტერესო საუბრებში,“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები.