"სესხების გაცემის ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას"

სესხების გაცემის ახალი რეგულაციები გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი საბანკო რეგულაციების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 1-ელი ნოემბრიდან დაგეგმილი რეგულაციები, გათვლილია ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, მცირე მეწარმეებზე, რადგან როგორც სავალუტო კურსის, ისე საბანკო კრედიტების მომსახურების მიმართ სწორედ ეს ჯგუფები არიან მოწყვლადი.

„ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ეკონომიკურ კრიზისს, თუ არ ჩავთვლით ომს ან პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის სათავეშიც არ იყო ჭარბვალიანობა. ეკონომიკური კრიზისი, თავისი შინაარსით, არის სწორედ კრედიტის, ვალის კრიზისი. ჩვენთან დაკრედიტების ტემპი სწრაფად იზრდებოდა. მართალია, ჯერ არ იყო იმ დონეზე მისული, მაგრამ ანალიზი აჩვენებდა, რომ მივდიოდით ამ კრიზისისკენ. დღეს, ჩვენ შეგვიძლია ვიდავოთ, იყოს ღია დისკუსია როგორი შეიძლება იყოს ამ შეზღუდვების კოეფიციენტები თუ სხვა პარამეტრები, რამდენად ადეკვატურია ეს რეგულაციები, მაგრამ აბსოლუტური და იდეალური პასუხი შეიძლება ვერ მივიღოთ. ამ ეტაპზე, ჩანს, რომ შეზღუდვები ოპტიმალურია,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მოკლე ვადაში რეგულაციებმა შეანელოს ეკონომიკური აქტივობა შესაძლებელია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას.

„ჩვენი მთავრობის მახასიათებელია, რომ მთელი რიგი ნაბიჯები და რეფორმები, არ არის გათვლილი მოკლევადიან შედეგზე. ეს ნაბიჯი სამომავლოდ, ხელს შეუწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობას. ეს არის პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის მიდგომა. ამავდროულად, გამოთავისუფლებული თანხები, რომელიც ამ უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელით მიემართებოდა ფიზიკურ პირებზე, მცირე მეწარმეებზე, გადამისამართდება ისეთი ბიზნესპროექტების დაფინანსებაზე, რომელსაც უკუგება და პოტენციური ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი ექნება. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამ რეგულაციებმა დადებითი როლი უნდა ითამაშოს, რადგან რისკები უკვე იქნება დაბალანსებული“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს არცერთ ინსტიტუციას - როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს, არ აკლია მოქნილობა და შესაძლებელია, დისკუსიების შედეგად, თუ საჭირო გახდა, მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს.