„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის მიწვევით იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს.
"საპარტნიორო ფონდის" ცნობით, ჩინეთში მყოფი ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ხუნანის პროვინციის ქალაქ ჭანძიაძიეში მიმდინარე აბრეშუმის გზის ბიზნეს ლიდერების საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
სამიტს 67 ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში ჩართული მსოფლიოს ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებმა, დიპლომატებმა, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციებმა, ასევე, ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა და აბრეშუმის გზის ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებმა მიიღეს.
აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლისა და რეგიონის ტრანსნაციონალური მნიშვნელობის შესახებ სამიტის დელეგატებს „საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმართა: „სამიტი ჩინეთის სახელმწიფო მეთაურის, ბატონი სიძინფინის საუკუნის ინიციატივის „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ განხორციელებისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას „გახსნილობის ახალი ერა, განვითარების ახალი პლატფორმა“ წარმოადგენს და შესაბამისად, მისი მთავარი მიზანი ღიაობისა და თანამშრომლობისთვის ახალი მექანიზმების შექმნა და ერთობლივი განვითარებისთვის ახალი გზების ძიებაა. ამ ფორუმის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარება ბიზნესისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს შექმნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს აბრეშუმის გზის მარშრუტზე გაერთიანებულ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ეს ღონისძიება საქართველოსთვისაც უმნიშვნელოვანესია“.
ბიზნეს სამიტის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი: „საქართველოსთვის ჩინეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის ღრმავდება. ბოლო წლებში ქართული ღვინო ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდა ჩინეთის ბაზარზე, რამაც ქართულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო“.
სამიტის ფარგლებში, აბრეშუმის გზის ტურიზმის საერთაშორისო თანამშრომლობის სესიაზე კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხელი მოაწერა აბრეშუმის გზის ურბანულ ალიანსში გაწევრიანების დოკუმენტს. ურბანული ალიანსი 2018 წლის ბიზნეს სამიტის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის გუბერნატორი და ქალაქის მერი მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ქალაქებს შორის უფრო მჭიდრო ტურისტულ-კულტურული ურთიერთობების დამყარების მიზნით გაწევრიანდა.
სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის, ჩინეთისა და აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ასევე, ხუნანის პროვინციის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისა და თანამშრომლობის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, ქალაქ ჩანშაში გამართულ ექსპორტ-იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც წარმოდგენილი იყო, ქართული ნატურალური პროდუქტები, მათ შორის, ალკოჰოლური და არა-ალკოჰოლური სასმელები. გამოფენაზე საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ ისაუბრეს. გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოზარ სუბარმა.
„საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდება. მსოფლიო ბანკის 2018 წლის რეიტინგში საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით ტოპ 10 ქვეყანას შორისაა. ტურისტები საქართველოში ადგილობრივი სამზარეულოსა და განსაკუთრებით, ღვინის დასაგემოვნებლად ჩამოდიან. უნიკალური ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზეა წარმოდგენილი და ჩინეთის უდიდესი ბაზარიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.