კომერციულ ბანკებში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა.
ეროვნული ბანკის 2018 წლის სექტემბრის სტატისტიკური მონაცემებით ეროვნული ვალუტით გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო მოცულობამ 4,2 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,3 მლრდ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის სექტემბერში უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობამ 2,9 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში მთლიანად გაცემული იყო 2,7 მლრდ ლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი გაცემული იყო 1,8 მლრდ ლარი. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ კი 0,3 მლრდ ლარით მოიმატა.
რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობას, აქაც ზრდა შეინიშნება. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით 2018 წლის სექტემბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა მთლიანად 10,1 მლრდ ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8,4 მლრდ ლარი იყო.
ამასთან, მოიმატა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა. კერძოდ, 2018 წლის სექტემბრის სტატისტიკით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13,3% შეადგინა, 2017 წლის სექტემბერში - 12,8% იყო. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთი 8,6%-დან 8,1%-მდე შემცირდა.