საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილის შემოყვანა კარგია, თუმცა Carsharing-ის პრინციპი არარელისტური, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა.
მისი თქმით, ელექტრომობლების პოპულარიზაცია არა მათი გაქირავებით, არამედ ავტომობილის შესაძენი ვაუჩერებით უნდა ხდებოდეს. რისთვისაც მთავრობას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, არასწორია, როდესაც სახელმწიფო ბიზნესპროქტებს საკუთარ თავზე იღებს, რადგან ნებისმიერი ინვესტორი მთავრობისთვის კონკურენციის გაწევას მოერიდება.
მომდევნო წელს ე.წ. Carsharing-ის პრინციპით, საქართველოში 2000-ზე მეტი ელექტრომობილის შემოყვანის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. Carsharing-ის, ანუ საზიარო ავტომობილების პრინციპს, უზარმაზარი უპირატესობა აქვს, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრაფიკს და ამავე დროს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ იმ მთავარ უპირატესობას, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა დაინერგოს საქართველოში - ეს არის მოხმარების კულტურა. ჩვენთვის მთავარი გახლავთ არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გვყავდეს ქვეყანაში, არამედ ჩვენთვის მთავარია, შევქმნათ ისეთი კომპფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს კომფორტულად და იაფ ფასში გადაადგილდნენ. შესაბამისად, მივიღოთ დამატებითი ღირებულება ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საზიარო ავტომობილების პრინციპს სკეპტიკურად უყურებს დავით მესხიშვილი. მისი თქმით, ელექტრომობილების წახალისება კარგია, თუმცა არა სახელმწიფოს მიერ მათი გაქირავებით.
„ზოგადად, ელექტრომობილების წახალისება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ელექტრომობილების გაქირავების პრინციპს ოპტიმისტურად არ ვუყურებ. საერთაშორისო პრაქტიკებში არის სხვადასხვა მიდგომები, თუ როგორ ხდება ავტოპარკის განახლება, კერძოდ, ელექტრომობილებით ჩანაცვლება. რამდენიმე ასეთი მაგალითი ჩვენს რეალობაშიც არსებობს. მაგალითად ის, რომ განბაჟებისთვის თანხა არ არის საჭირო, პარკირება უფასოა და ა.შ. ეს საკამოდ მნიშვნელოვანი წახალისებაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშიც არის. თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების 91% ფლობს 10 წელზე უფრო ასაკოვან მანქანას, რაც არასახარბიელო სოციალურ ფონზე მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი ჰქონდეს, მაგრამ ელექტრომობილის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.
მისი თქმით, კარგი იქნება თუ მთავრობა ბრიტანეთისა და რუმინეთის გამოცდილებას გადახედავს, რომელთაც ელექტრომობილების პოპულარიზაციის კარგი მაგალითი აქვთ.
„რამდენიმე პროექტი მახსნდება. მაგალითად, ბრიტანეთში ელექტრომობილების შესაძენად ფასდაკლების ვაუჩერები რიგდება. ეს არის ე.წ გრანტი, რომელსაც სახელმწიფო გასცემს. რუმინეთს პრაქტიკაა ასევე ძალიან კარგი, სადაც ტექინპექტირების დაწყებისას მოსახლეობას მოუწოდეს, რომ ძველი ავტომობილები ჩაებარებინათ და სანაცვლოდ ელექტრომობილის შესაძენი ვაუჩერი მიეღოთ. ასეთი ტიპის პროექტები უფრო რეალურია და არა რაღაც გაქირავებები. თუ სახელმწიფო ბიზნესსექტორთან ერთად შეძლებს, რომ მოხდეს ძველი ავტომობილების ჩაბარება და სანაცვლოდ ფასდაკლების ვაუჩერის გაცემა, ძალიან კარგი იქნება. იმიტომ, რომ ძველ ავტომობილს ღირებულება მაინც აქვს და ამით ბიზნესიც ინტერესდება. ვფიქრობ, მთავრობამ მეტად უნდა იმუშაოს ბიზნესთან, მათგანაც მოისმინოს აზრი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება“,-აცხადებს მესხიშვილი.
როგორც „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, არასწორია, როდესაც სახელმწიფო ბიზნესის კონკურენტი ხდება, რაც ელექტრომობილების გაქირავების შემთხვევაში აუცილებლად მოხდება.
„სახელმწიფოს მიერ ბიზნესპროექტის განხორციელება არასწორია“. საერთოდ არ მომწონს, როდესაც სახელმწიფო, კომუნისტური პერიოდის მსგავსად, თავის თავზე იღებს ბიზნესპროექტებს. მათ შორის, პარკირებას. როდესაც ხარ ინვესტორი, კონკრეტული პროექტით გინდა შეხვიდე რომელიმე უწყებაში და იგებ, რომ შენს იდეას ახორციელებს მერია ან სამინისტრო, სახელმწიფოს ხომ არ შეეჭიდები?! ამიტომ, ინვესტორი მოერიდება, რომ სახელმწიფო უწყებებს კონკურენცია გაუწიოს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესის კონკურენტი ხდება სახელმწიფო, არასწორია“,- აცხადებს დავით მესხიშვილი.