„რეზონანსი" - სესხები დიდი სისწრაფით ძვირდება

სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მკვეთრად გაიზარდა.ბოლო ერთ თვეში მოკლევადიან კრედიტებზე მატებამ 3,3% შეადგინა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ზრდის ერთ-ერთი მიზეზი რეგულაცია და საფინანსო რესურსებზე წვდომის გართულებაა. კომერციული სექტორი დეფიციტის შევსებას საპროცენტო განაკვეთის მატების ხარჯზე ცდილობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის ლარში გაცემულ მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საპოცენტო განაკვეთმა 3,3%-ით მოიმატა და 27%-ს შეადგენს (სექტემბერში - 23,7%). უცხოურ ვალუტაში კი ზრდა მხოლოდ 0,1%- იყო.

რაც შეეხება ლარში გაცემულ გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთმა მცირედით მოიმატა, ხოლო უცხოურ ვალუტაში ისევ 10,4% დარჩა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრისთვის კომერციული ბანკების მიერ სულ გაცემული იყო 3,788 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი, რაც 5 მლნ ლარით მეტია წინა თვეზე (1-ლი სექტემბრისთვის სულ გაცემული იყო 3,783 მლრდ ლარის სამომხმარებლო სესხი).

„არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის" ხელმძღვანელი, „ნანოკრედიტის" დირექტორი ირაკლი ბერძენაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რაც მეტი იქნება რეგულაცია, უფრო გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი. პირველი ნოემბრიდან სესხებზე პროცენტის გაზრდა კვლავ გაგრძელდება.

„სასესხო განაკვეთების მომატება გამოიწვია ფინანსურ რესურსებზე წვდომის გართულებამ. ამ დროს ყოველთვის იმატებს განაკვეთი. ამას დაემატა ბაზარზე არსებული რთული ვითარებაც. ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნა ჭარბია, მიწოდება კი ვეღარ პასუხობს სათანადოდ იმის გამო, რომ სექტორს ამის უფლება წაერთვა.

საფინანსო კომპანიები, რა თქმა უნდა, ცდილობენ, აინაზღაურონ აღნიშნული დანაკარგი და იზრდება პროცენტი სესხებზე. ასე მოხდა ლარიზაციის შემდეგ და ასე ხდება დღესაც. რაც მეტი იქნება რეგულაცია, მით მაღალი იქნება საპოცენტო განაკვეთი, ეს არის ორჯერ ორი. პირველი ნოემბრიდან, როცა უფრო მეტად გამკაცრდება სესხის გაცემის პირობები, კიდევ გაიზრდება განაკვეთი, რაც ბუნებრივია", - განაცხადა ირაკლი ბერძენაძემ.

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციის პირობებში კომერციული ორგანიზაციები შეზღუდულ სასესხო პორტფელს მოსახლეობისთვის საპოცენტო განაკვეთის ზრდის ხარჯზე შეავსებენ. ფინანსისტი ლია ელიავა მიიჩნევს, რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა სამომხმარებლო სესხებზე პირწმინდად ეროვნული ბანკის პოლიტიკის „დამსახურებაა".

„მექანიზმი არის ძალიან მარტივი - ვინაიდან, ახალი რეგულაციით, კომერციულ ბანკებს მკვეთრად შეუმცირდებათ სესხების პორტფელი, ისინი შეეცდებიან, არსებული ვითარებიდან გამოწურონ მაქსიმუმი, რასაკვირველია, გაზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ეს არის ბუნებრივი მომენტი. ასევე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზე, რადგან ამასაც საკმაოდ მკაცრი რეგულაცია შეეხო. იგივე მოხდება ავტოლიზინგზეც.

მოსახლეობის წვდომა სესხებზე იქნება მკვეთრად შეზღუდული, რაც ნიშნავს, რომ ხალხის ცხოვრების დონე ვერ გაუმჯობესდება მეტწილ შემთხვევაში. ძალიან ხმამაღალი განცხადებებით გამოდის ხელისუფლება და მე ვურჩეუვდი მათ, მიეხედათ მოსახლეობის შემოსავლის ზრდისთვის, სხვაგვარად ჭარბვალიანობას ვერაფერი შეამცირებს. ეროვნულმა ბანკმა კი უნდა მიხედოს საპროცენტო განაკვეთების კლებას.

ჭარბვალიანობა ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს არა ერთი, არამედ რამდენიმე სესხი, რომელიც ახრჩობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა შემოიღო ამ „დახრჩობის" გარკვეული შემზღუდველი პირობები, ჭარბვალიანობის პრობლემა მაინც იქნება, ამას მოკლე პერიოდში ვერაფერი შეცვლის", - ამბობს „რეზონანსთან" ელიავა.

როგორც ეკონომისტი ვარაუდობს, რეგულაციისა და სასესხო განაკვეთის ზრდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას შეამცირებს, რაც პირდაპირპროპორციულად გამოიწვევს იმპორტის დაცემას.

„ეროვნული ბანკის რეგულაცია თავისთავად ცუდი არ არის რაღაც კუთხით, თუმცა ძალიან ნაადრევი და შეუსაბამოა დღევანდელი ქართული რეალობისათვის. სებ-ის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე გამოიწვევს იმპორტის შემცირებას, ანუ მკვეთრად დაეცემა მოსახლეობის მოთხოვნა პროდუქციაზე. ამის კვალდაკვალ შედარებით გამოსწორდება სავაჭრო ბალანსი, ოღონდ არა ექსპორტის ზრდის, არამედ შემოტანილი პროდუქციის შემცირების ხარჯზე. დაიმახსოვრეთ, ეროვნული ბანკი გამართავს დიდ კამპანიას, რომ მისი მცდელობით სავაჭრო ბალანსი გახდა გაცილებით უკეთესი!", - აღნიშნა ლია ელიავამ.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"