კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხანა ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.ქარხანაში წარმოებული ყავა კი „მეამას“ ბრენდით გაიყიდება. როგორც მწარმოებელი კომპანია „კაფსულოს“ ხელმძღვანელი თორნიკე ჭელიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყავის შეძენა საქართველოში მოქმედ მარკეტებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, თორნიკე ჭელიძის ინფორმაციით, კომპანია საფირმო მაღაზიებსაც გახსნის, რომელიც საწყის ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი რეგიონებშიც განთავსდება.
აპარატის ყავის პირველი საწარმოს მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე გასულ წელს დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.
„უშუალოდ საწარმოო ზონის მშენებლობა 100%-ით დამთავრებულია და შეიძლება ითქვას, რომ დეკემბრის დასაწყისში ჩვენ უკვე პროდუქციის წარმოებას შევძლებთ. ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება და სავარაუდოდ, საწარმოს სახელწოდებაც ეს იქნება. ყავის რეალიზაცია მოხდება როგორც ბიზნეს, ისე საცალო სექტორში. ასევე სუპერმარკეტებში და ჩვენ ბუტიკ მაღაზიებში, რომლის ლოკაციები უკვე შერჩეულია. თუმცა ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ. ახლა განხილვა მიმდინარეობს ისეთ დეტალებზე, როგორიცაა ფასადი, შიდამოწყობა და ა.შ. ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით გვექნება მინიმუმ 3 მაღაზია. თუმცა, რეგიონების ათვისება ჩვენი პრიორიტეტია“,-აცხადებს თორნიკე ჭელიძე.
კომპანიის დირექტორის აზრით, აპარატის ყავას, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე კონკურენტი არ ეყოლება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ყავის სხვა კომპანიებს „მეამასთვის“ კონკურენციის გაწევის ამბიცია გაუჩნდეთ.
„პროდუქტის უნიკალურობიდან გამომდინარე, რასაც კაფსულის ყავა ჰქვია, ვფიქრობთ, რომ კონკურენტი არ გვყავს. თუმცა რაც შეეხება ყავის სხვა სახეობის პროდუქტებს, თავისთავად კომპანიებს ექნებათ ჩვენთვის კონკურენციის გაწევის ამბიცია. ვნახოთ, ბაზარი გვიჩვენებს შედეგებს“,-აცხადებს თორნიკე ჭელიძე.
რაც შეეხება კომპანიის საექსპორტო გეგმებს, როგორც თორნიკე ჭელიძე ამბობს, ყავა ამიერკავკასიის ბაზარზე გავა.
„სავარაუდოდ, 1.5 წელიწადში საზღვრებსაც გავცდებით და ამიერკავკასიის ქვეყნებს მოვიცავთ. კერძოდ, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი და ა.შ. ექსპორტზე წარმოების რა პროცენტი გავა, ამ დროისთვის ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ადგილობრივ ბაზარს დავაკვირდებით და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ საექსპორტო რაოდენობას“,-აცხადებს თორნიკე ჭელიძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანიაში 40-მდე ადამიანი უკვე დასაქმებულია, 3 თვეში კი მათი რაოდნეობა 80-დან 100-მდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ყავის საწარმოებლად კომპანია ნედლეულს აღმოსავლეთ აფრიკიდან, ასევე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანს.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაახლოებით, 25 000 000 ლარია.